დავით ნარმანია: ნათხოვარი მანქანით დავდივარ

 „პირადად მე კი ნათხოვარი მანქანით დავდივარ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც მერიის ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხს უპასუხა. “ჩვენ რაც დაგვხვდა, ისევ იმ მანქანებით დავდივართ, უბრალოდ ბიუჯეტში ამ თანხებს ვითვალისწინებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მანქანები ზოგჯერ გამოდის მწყობრიდან და თუ არ შევაკეთეთ, მაშინ შეუძლებელი გახდება იმ საქმის გაკეთება, რასაც ვაკეთებთ. პირადად მე კი ნათხოვარი მანქანით დავდივარ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, თბილისის მერიამ საწვავის ლიმიტებზე თანხები დაზოგა. გარდა ამისა, საკრებულოს დეპუტატები დაინტერესდნენ, თუ აქვს მერიას ქალაქის საცობებისგან განტვირთვის კონკრეტული გეგმა. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ საცობების თემა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. “ჩვენ გავააქტიურებთ ამ მუშაობას. გეგმაც იქნება წარმოდგენილი. თუმცა ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ მოვახდენთ საცობებისგან ქალაქის მთლიანად განტვირთვას. კონსულტაციებს გავდივართ უცხოელებთან იმისთვის, რომ თბილისი გახდეს მომავლის ქალაქი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერს მოუწია განმარტება იმასთან დაკავშირებით, მართავს თუ არა “სუსი” დედაქალაქის მერიას. ნარმანიამ უპასუხა, რომ ეს შეკითხვა სასაცილოა. “მართავს თუ არა თბილისის მერიას სუსი – ამ შეკითხვაზე პასუხს, სხვა ფორმატში რომ ვიყოთ, ამაზე ანეკდოტს მოვყვებოდი, მაგრამ აქ ეს ფორმატი არ არის”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. ასვევე, მერი გამოვიდა ინიციატივით, სამ თვეში ერთხელ მივიდეს და საკრებულოს მერიაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ჩააბაროს ანგარიში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები