ვახტანგ გომელაური: ქვეყანაში კრიმინალი არ გაზრდილა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, მედიასაშუალებები პირდაპირ ეთერში დანაშაულთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციას მუდმივად ავრცელებენ. შესაბამისად, გომელაურის განცხადებით, ჩვეულებრივი მოქალაქე იტყვის, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილია.
“როცა დღე და ღამე ტელევიზიები პირდაპირ ეთერში ატრიალებენ, რომ მოკლეს, უბედურება ხდება, დაიქცა ქვეყანა, აქედან გამომდინარე, უბრალო მოქალაქე იტყვის, რომ გაიზარდა კრიმინალი”,- განაცხადა შს მინისტრმა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, რამდენიმე დღეში სტატისტიკას გამოაქვეყნებენ.
„ჩვენ რამდენიმე დღეში სტატისტიკას გამოვაქვეყნებთ. ის ევროპული რეკომენდაციებითაა შემუშავებული და არა ძველი მეთოდებით. პროცესში ჩართულნი იყვნენ ევროპელი პროფესიონალები და ექსპერტები. ამიტომ, შარს ვერ მოგვდებენ, რომ ჩვენ რაღაც შევცვალეთ“, – აღნიშნა გომელაურმა. მისივე თქმით, დანაშაულები საქართველოზე მეტად განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება. „ეს ძალიან ცუდია და სამწუხაროა, თუმცა მსგავსი რამ ყველგან, ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება. მაგრამ კრიმინალი და დანაშაული თუ არ იქნება, არც პოლიცია დასჭირდებოდა არც ერთ ქვეყანას, არც ევროპაში და არც ამერიკაში“, -აღნიშნა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები