„სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ქორწინებისა და შობადობის რიცხვმა იმატა, აბორტების მაჩვენებელმა კი საგრძნობლად იკლო“

დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ ქვეყანაში შობადობისა და გარდაცვალების ტენდენციებზე ისაუბრა. როგორც ჩიბურდანიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, საქართველოში შობადობის და ქორწინების რიცხვმა იმატა, აბორტებმა იკლო, თუმცა, ამასთან, მატებაა შუახნის ადამიანთა გარდაცვალების კუთხით.
„სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2014 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში შობადობა 5%-ით გაიზარდა. ეს არის 2 743 ახალშობილი. გაზრდილია ქორწინებათა რიცხვიც, საგრძნობლად შემცირდა ბავშვების ერთ წლამდე ასაკში გარდაცვალებათა რაოდენობა, ასევე – აბორტების რაოდენობაც, თუმცა მცირედით არის გაზრდილი, საერთოდ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი. გარდაცვალების რიცხვმა შუახნის ადამიანებში იმატა და ყველაზე მეტად გარდაცვალების რიცხვი 40-55 წლამდე მოქალაქეებში ფიქსირდება“,- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ. ჩიბურდანიძის თქმით, შობადობის ზრდას ხელი პატრიარქის და ხელისუფლების ინიციატივებმა შეუწყვეს. მთავრობის ინიციატივების თანახმად, მშობიარობა უფასო გახდა, გაიზარდა დეკრეტული შვებულების პერიოდი. ამის გარდა, რეგიონებში 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო ოჯახს ყოველთვიურად გარკვეული თანხით აფინანსებს. „პატრიარქის ინიციატივამ, მოენათლა ოჯახში დაბადებული ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვი დადებითი შედეგი გამოიღო, თუმცა, ბუნებრივია, მხოლოდ ეს საგრძნობ შედეგს ვერ გამოიღებდა, რომ არა სახელმწიფოს მხრიდან ინიციატივები. სახელმწიფომ ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად სწორედ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება ჩადო. ამისთვის ხელისუფლებამ 8 ინიციციატივა გაატარა, 2 წლის მანძილზე ამ ინიციატივებზე უკვე 70 მილიონზე მეტი დაიხარჯა. ხელისუფლების ინიციატივით მშობიარობა მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო გახდა, გაიზარდა დეკრეტული შვებულების პერიოდი, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა. პრემიერის ინიციატივით, საქართველოს 6 რეგიონში, სადაც სიკვდილიანობა აღემატება შობადობას, მესამე და შემდგომ ახალშობილზე 2 წლის მანძილზე ფულადი დახმარება გამოიყოფა. 150 ლარი ბარში, ხოლო 200 ლარი მთიან რეგიონებში“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები