გიორგი ალიბეგაშვილმა მოსახლეობას ხარების დღესასწაული მიულოცა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა მოსახლეობას ხარების დღესასწაული მიულოცა. თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ალიბეგაშვილი სამების ტაძარში, ხარების სახელობის ეკლესიაში ხარების სადღესასწაულო წირვას დაესწრო. დღევანდელი წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღასრულა.
“დღეს მართლმადიდებელი სამყარო და ქრისტიანული ეკლესია საუფლო დღესასწაულს, ხარებას აღნიშნავს. ამ დღეს მესიის მოვლინების შესახებ ღვთისმშობელთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა. სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღესასწაულს და გამრავლებას, ჯანმრთელობას, უფლისა და ღვთისმშობლის მფარველობას ვუსურვებ. კიდევ ერთხელ შევთხოვ უფალს, რომ ერთიან, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოში გვეცხოვროს“,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ამ დღეს ღვთისმშობელს მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ეუწყა, რომ მისგან დედამიწას ძე ღვთისა, კაცობრიობის მხსნელი და მაცხოვარი მოევლინებოდა. ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.