სადურგლო მიმართულების პროფესიული პროგრამების განვითარების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, კოლეჯ „სპექტრსა“ და „დურგალთა სკოლას” შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ და „დურგალთა სკოლის‘‘ დირექტორმა აკაკი გურგენიძემ.

მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს სადურგლო მიმართულებით პროფესიული პროგრამების განვითარება საჯარო-კერძო პარტნიორობით, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება და დასაქმების ხელშეწყობა.

დოკუმენტი ახალი სასწავლო საწარმოს მოწყობასა და ერთობლივად პროფესიული სადურგლო პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს. სწორედ ამ მიზნით „სადურგლო სკოლას“ სახელმწიფოსგან 15 წლის სარგებლობის ვადით, უსასყიდლოდ გადაეცა კოლეჯ „სპექტრის“ ბაზაზე არსებული შენობა, რომლის სრულ რეაბილიტაციას, 1 350 00 ლარის ღირებულების პროექტით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უზრუნველყოფს. სახელოსნოს აღჭურვას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სადურგლო დანადგარებით კი ავსტრიელი პარტნიორები უზრუნველყოფენ.

2026 წლის ზაფხულიდან კოლეჯი სადურგლო საქმის შესწავლის მსურველთა პირველ ნაკადს მიიღებს.

კოლეჯ „სპექტრში“ სტუმრობისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილთან და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძესთან ერთად კოლეჯის სასწავლო ლაბორატორიებიც დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები