უწმნდესი: დღეს ისეთი დიდი დღესასწაულია, რომ ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს თავისთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მართლმადიდებელ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და წირვის შემდეგ იქადაგა. პატრიარქის თქმით, დღეს ყოველი ადამიანი უნდა გახდეს მახარებელი, რაღაც სიკეთე უნდა გააკეთოს ადამიანებისთვის.
“დღეს ისეთი დიდი დღესასწაულია, რომ ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს თავისთვის. ფრინველები, ცხოველებიც კი ადიდებენ უფალს. აი, ამ დღეს გამოეცხადა ღვთისმშობელ დედას მთავარანგელოზი გაბრიელი და ახარა, “გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა”, – ბრძანა უწმინდესმა.
უწმინდესის თქმით, ღვთისმშობლისთვის ყოვლად მოულოდნელი იყო, რომ მისგან იშვებოდა ძე ღმრთისა, რომელიც დაჯდებოდა “მარადიულ ტახტსა დავითისასა”. პატრიარქმა წმინდა სახარებიდან მთავარანგელოზ გაბრიელის ხარება ღვთისმშობლისადმი დეტალურად გაიხსენა და აღნიშნა, რომ მთავარანგელოზის ხარება შესრულდა.
“დღეს ვრწმუნდებით, რამდენად დიდია სიყვარული ღვთისა ადამიანის მიმართ, რამდენად დიდია უფლის წყალობა ადამიანის მიმართ. ეს მილოცვა “გიხაროდენ” უძველესი ებრაული მილოცვა იყო. ჩვენ ერს ჰქონდა და აქვს გამარჯვება. სხვადასხვა ერს სხვადასხვაგვარი მილოცვა აქვს. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს უთხრა: “გიხაროდენ მიმადლებულო”, მადლმოსილო. ღვთისმშობელმა მადლი მიიღო თავისი სიწმინდით, სარწმუნოებით, სიყვარულით. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ თაყვანს ვცემთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას და მთავარანგელოზ გაბრიელს და შევთხოვთ მათ, ახარონ საქართველოს გამთლიანება, ახარონ საქართველოს მშვიდობა და ახარონ სიკეთე”, – აღნიშნა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები