შორენა ბუხრაშვილი: ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის პროექტი ევროსაბჭოს კონვენციას აბსოლუტურად შეესაბამება
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის პროექტი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა, განმარტება გააკეთა.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა განვმარტო, რომ წესი, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა, აქამდე არსებული წესის გაუქმებას განაპირობებს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პროექტი ევროსაბჭოს კონვენციას აბსოლუტურად შეესაბამება. მასში დეტალურადაა განსაზღვრული ის მუხლები და საკითხები, რომლებიც საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიამ, სხვა კომისიებთან და სხვადასხვა კომპეტენტურ სამსახურებთან ერთად შეიმუშავა. აღნიშნულ პროექტში ასევე შესულია გარკვეული ცვლილებები საკონსულტაციო საბჭოს ეგიდითაც, რომელიც საკრებულოში სპეციალურად ამ მიმართულების დასარეგულირებლად ჩამოყალიბდა. ასევე მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ წარმომადგენლობით ორგანოში, ამა წლის 19 მარტს, ჩემი ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც, რომლებმაც საკუთარი ხედვები და რეკომენდაციები გაგვიზიარეს. პროექტი, რომელიც თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გათვალისწინებით შემუშავდა, ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის, ასევე მასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრას მოიცავს. შესაბამისად, მაქსიმალურად, კანონის ფარგლებში, ისე რომ დაცული იყოს როგორც ადამიანის, ასევე ცხოველთა უფლებები, პროექტში გათვალისწინებულია ყველა ის ობიექტური რეკომენდაცია, რომლებიც საკრებულომ, გარემოს დაცვის კომისიამ შესაბამის სამსახურებთან ერთად, დამატებითი მსჯელობის შედეგად მართებულად მიიჩნია“, -განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.