კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს 25 000 ლარით დაეხმარება

საქართველოში მცხოვრები კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს 25 000 ლარით დაეხმარება. “ვფიქრობ, რომ ეს თანხა არ იქნება ზედმეტი იმ პოლიციელის ოჯახისათვის, რომელიც პატიოსნად ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას და იცავდა საქართველოს მოქალაქეებს დამნაშავეებისგან და კრიმინალებისგან. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას. მე არაერთხელ განმიცხადებია ქართული და უკრაინული პრესისთვის, რომ ჩემი აზრით, ქართველი პოლიციელები და თვითონ პოლიცია ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, სადაც მუშაობენ პროფესიონალები და სამშობლოს პატრიოტები, რომლებიც თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სიცოცხლეს სწირავენ. მთელი ცხოვრების მანძილზე ბევრ ქვეყანაში მომიწია ყოფნამ და არსად არ ყოფილა საზოგადოებრივი უსაფრთხოება ასეთ მაღალ დონეზე, როგორც ეს არის საქართველოში და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ამიტომ ავირჩიე საცხოვრებლად საქართველო და აქ ავიშენე სახლი. უკრაინაში ბოლო 20 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, მიწევდა მრავალრიცხოვანი შეიარაღებული დაცვით სიარული და ეს ნამდვილად აუცილებელი იყო. საქართელოში არც ერთი დაცვის წევრი არ მყავს და მოვიარე რა საქართველოს სხვადასხვა კუთხე, ამაში სრულიად დავრწმუნდი; აქ დაცვა არ მჭირდება და ეს ქართული პროფესიონალი და კოორდინირებული პოლიციის დამსახურებაა. ეს არის პოლიცია, სადაც მუშაობენ ისეთი პატრიოტები, როგორიც იყო ბექა მარგიშვილი. ასეთი გმირებით გამოირჩევა მსოფლიოში ერთ – ერთი საუკეთესო პოლიცია, საქართველოს პოლიცია!”,- აცხადებს ჩერნოვიცი. აღსანიშნავია, რომ კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ბოლო 4 წლის მანძილზე საქართველოში ცხოვრობს. მისი დაფინანსებულია ფონდი ,,სოციალური პარტნიორობა“, რომელიც ყოველდღიურად ეხმარება ასეულობით უმწეო მოხუცებულს და სოციალურად დაუცველ ბავშვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები