ლევან იზორიას ინფორმაციით,  ბორჯომში და თბილისში პოლიციელებს  ერთი და იგივე პირმა ესროლა – ეს შალვა აბულაძეა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლევან იზორიას ინფორმაციით, დღეს და გუშინ თბილისსა და 2015 წლის 23 იანვარს ბორჯომში მომხდარ შემთხვევებში პოლიციელებს ერთი და იგივე პირმა ესროლა. ამის შესახებ იზორიამ “იმედის კვირაში” განაცხადა. შს მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული პირი შალვა აბულაძეა.
“დაალოებით 9 საათისთვის ასრულებდნენ რა პოლიციელები თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობას და ჰქონდათ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება, მათ შორის გარკვეული დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე მიემართათ პიროვნებისთვის მისი დადგენის მიზნით, რაც განახორციელეს, კერძოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბუთები მოსთხოვეს. სრულიად მოულოდნელად მოხდა გასროლა ამ პიროვნების მხრიდან და სამწუხარო შედეგი დადგა. 9 საათის შემდეგ მთელი სამინისტრო, ბატონი მინისტრის ხელმძღვანელობით, იყო მობილიზებული, განხორციელდა სამძებრო ღონისძიებები და დილის 6 საათზე იგივე პიროვნება, რომელიც გადაადგილდებოდა შენიღბული ფორმით, იქნა პოლიციელების მიერ შეჩერებული და აქ ორმხრივ სროლას ჰქონდა უკვე ადგილი. მან ეგრევე ატეხა სროლა, თუმცა შეძლო და მიიმალა. ნივთმტკიცებები იქნა ამოღებული, მათ შორის ჩატარდა მასრების ექსპერტიზა. ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, თუ ვინ არის ეს ბრალდებული პიროვნება. ეს არის პიროვნება, რომელიც იძებნებოდა ბორჯომში, სადაც თითქმის ანალოგიურ ფაქტს ჰქონდა ადგილი. სამივე შემთხვევა და ამ შემთხვევებიდან ამოღებული მასრები და ექსპერტიზა ცალსახად ადასტურებს, რომ ერთი იარაღიდან მოხდა გასროლა.  ჩვენ ვიცით ბრალდებულის ვინაობა და ამის შესახებ ბატონმა მინისტრმაც გააჟღერა, ეს არის შალვა აბულაძე. შესაბამისად, ყველა ზომას ვიხმართ იმისთვის, რომ ვიყოთ ძალიან პრინციპულები“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა ბორჯომში პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებული პირის დაკავება ამ დრომდე და როგორ მოახერხა მან, დღეს დილით გაქცეოდა სამართალდამცველებს, იზორიამ აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ დამნაშავესთან, პროფესიონალთან, რომელიც ასკეტურ ცხოვრებას ეწევა და დადგენა, თუ სად იმყოფება რთულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები