მამუკა არეშიძე: იმაზე, რაზეც ალასანიამ ილაპარაკა, საუბარი არ ღირდა

იმ თემაზე საუბარი, რომელზეც ირაკლი ალასანიამ დღეს ილაპარაკა, საერთოდ არ ღირდა, – ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადების შეფსებისას განაცხადა. მისი თქმით, მემორანდუმი არაფერს არ ავალდებულებს, თუმცა პროცესის დასაწყისია.
“საქმე ის არის, რომ ეს იყო მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯი შეთანხმებისაკენ. ამ მემორანდუმს სხვაგვარად ჰქვია მემორანდუმი გადაწყვეტილებათა შესახებ, რომელიც არავის არაფერს არ ავალდებულებს. თუმცა, ეს არის პროცესის დასაწყისი. დაკარგული არაფერია, მაგრამ ჯერჯერობით, მოპოვებულიც არაფერი არ არის. ეს ყველაფერი გახმაურდა, როგორც სჩვევია საქართველოს და ქვეყანამ გაიგო, თუ რას ვაპირებთ. ახლა ამას გამოუჩნდება უამრავი მომხრე და უამრავი მოწინააღმდეგე. ამიტომ ვთვლი, რომ ამ თემაზე ლაპარაკი საერთოდ არ ღირდა“,- განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უარი ათქმევინა თავდაცვითი მექანიზმის შეძენაზე, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საფრანგეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მემორანდუმის ხელისმოწერა პრემიერ-მინისტრთან და უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან შეთანხმებული იყო. თუმცა, ალასანიას თქმით, მას დაურეკეს პრემიერის სახელით, რომ მემორანდუმზე ხელი არ მოეწერა.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი იმ იმედით დააკავეს, რომ ის დოკუმენტზე ხელს არ მოაწერდა, თუმცა მან დოკუმენტს ხელი მაინც მოაწერა, როგორც წინასწარ იყო შეთანხმებული. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ის 6 თვის განმავლობაში ელოდებოდა დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების რეალიზებას, თუმცა ასე არ მოხდა. ამის გამო კი, მისი თქმით, შეთანხმება ჩაიშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები