ირაკლი ალასანია: პრემიერ-მინისტრის დავალებით დამირეკეს, რომ საფრანგეთში შეთანხმებაზე ხელი არ მომეწერა

ჭეშმარიტება არის ის, რომ თუ ჩვენ გვინდა, თავიდან ავიცილოთ ომი და დაპირისპირება, ყველაზე დიდი ძალა ომის თავიდან აცილებისა, ნიშნავს, მზად იყო ომისთვის. იყო მზად შენი მშვიდობის დასაცავად,- აღნიშნული განცხადება “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რამდენიმე წუთის წინ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა იმ კავშირზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებით საფრანგეთში გაფორმებულ მემორანდუმსა და ე.წ. კაბელების საქმეს შორის არსებობს.
“მაშინ, როდესაც მე, 27 ოქტომბერს საფრანგეთში ჩავედი და კოლეგასთან შეხვედრა მქონდა, მეორე დღეს, 28-ში, დილით შესაბამის ინდუსტრიებთან ხელმოწერა იგეგმებოდა, მე დამირეკეს და გადმომცეს პრემიერ-მინისტრის სახელით, რომ ამ შეთანხმებაზე ხელი არ მომეწერა, არადა ყველა დეტალი შეთანხმებული იყო მასთანაც და უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან არაერთი თვის განმავლობაში. ჩემთვის ეს არამხოლოდ შეურაცხმყოფელი იყო, არამედ იყო ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ეს შესაძლებლობა, რომელიც გაეხსნა, პოლიტიკური შანსი, რომელიც მიეცა მრავალწლიანი ემბარგოს მერე, ხელიდან იქნებოდა გაშვებული. ამიტომ მე წინასწარ როგორც ვიყავით შეთანხმებული მთავრობასთან, მოვაწერე ამ მემორანდუმს ხელი და 6 თვის განმავლობაში ველოდებოდი ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების რეალიზებას. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. იმ მომენტში, როდესაც უარი ვთქვი, რომ ამ არასწორ, უკანონო მითითებას დავმორჩილებოდი, მეორე დილით, როდესაც ხელმოსაწერად მივდიოდი, დაკავებულ იქნა თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი იმ იმედით, რომ მე ჩემს სწორ განზრახვაზე უარს ვიტყოდი. მე ვთქვი და გავიმეორებ – ისინი კარგად არ მიცნობენ. მე ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის საქმეში. არასდროს არ მქონია არჩევანის გაკეთების არც ფუფუნება, არც უფლება და არც სურვილი მორალურ კომპრომისსა და სწორ გზას შორის”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, ამ ისტორიას აქამდე არ ჰყვებოდა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ მარტის ბოლომდე, სანამ მემორანდუმი მოქმედებდა, ამ საკითხს არ დაივიწყებდნენ, თუმცა ამ ეტაპზე ეს შანსი ხელიდან გაშვებულია, ვინაიდან მემორანდუმს კონკრეტული ვადები ჰქონდა.
“მე მინდა საზოგადოებას დავპირდე, როგორც კი მშვიდობიანი არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება მოხდება, საქართველოს თავდაცვის საკითხი, საჰაერო სუვერენიტეტის საკითხი იქნება მთავარი პრიორიტეტი ჩემთვის და იმ გუნდისთვის, ვინც ხელისუფლებაში მოვა”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები