სევდია უგრეხელიძე თბილისის ბიუჯეტზე: ეს არა საკუთარ ტანზე, არამედ მოსახლეობაზე „ქამრების შემოჭერაა“
თბილისის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ სევდია უგრეხელიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები საკრებულოში განსახილველად დღეს შევიდა.
სევდია უგრეხელიძის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, ხელისუფლების მიერ დეკლარირებული „ქამრების შემოჭერის“ ნაცვლად საკრებულოში თანამშრომელთა რიცხვი 44 ერთეულით იზრდება. მისივე თქმით, მთელ რიგ პროექტს დაფინანსება მკვეთრად უმცირდება, რის გამოც, მისივე განცხადებით, ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირებები კვლავაც შეუსრულებელი რჩება.
„ველოდებოდით, რომ ე.წ. ქამრების შემოჭერის ბიუჯეტი შემოვიდოდა, მაგრამ შემოვიდა ბიუჯეტი, რომელიც მოსახლეობას „უჭერს ქამარს“. ბიუჯეტი თითქმის 48 მილიონი ლარით არის გაზრდილი და ჯამში სადღაც 852 მილიონამდე ხდება. ამ ფონზე საშტატო რიცხოვნობა 44 ერთეულით იზრდება. მათ შორის არის ალბათ პირადად მარგიშვილისთვის შექმნილი მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის კუთხით კი 10 მილიონნახევრით იზრდება დაფინანსება, მაგრამ გამგეობებისთვის გზებისთვის ძალიან მცირე თანხაა გამოყოფილი. ბიუჯეტში საერთოდ არ არის გაწერილი მრავალსართულიანი ავტოსადგომები, რომელსაც ხელისუფლება თბილისელებს ჰპირდებოდა. საბაგირო ტრანსპორტის განვითარებაზეა ასევე თანხები გამოყოფილი. ერთი მილიონით მცირდება გარეგანათება, 4 მილიონზე მეტით მცირდება ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანასება. თითქმის 7 მილიონით მცირდება სოციალური უზრუნველყოფა და ჯანდაცვა. 1,5 მილიონით მცირდება ბაღების დაფინანსება. ეს არა საკუთარ ტანზე არამედ მოსახლეობაზე „ქამრების შემოჭერაა“,- განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
რაც შეეხება ბიუჯეტის ზრდას, უგრეხელიძის თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ცენტრალური ხელისუფლების 38,5 მილიონი ტრანში, რომელიც ოლიმპიადისთვის უნდა დაიხარჯოს.