„ყვითელი მიკროავტობუსები გაზზე გადაჰყავთ, რაც სახიფათოა“

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივის“ ხელმძღვანელის ვასილ ურუშაძის განცხადებით, ყვითელი მიკროავტობუსების გარკვეული ნაწილი გაზზე გადაჰყავთ, რაც საფრთხის შემცველია.

„მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მთავრობამ მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა უნდა უზრუნველყოს, ვხვდებით ძალიან საშიშ ფაქტს. მივიღეთ ინფორმაცია, რომ ყვითელი მიკროავტობუსები, ეკონომიის მიზნით, გადაჰყავთ ე.წ. გაზზე, რაც უსაფრთხოების ზომების დარღვევაა. ეს პროცესი ბოლო ერთი წელია მიმდინარეობს. მაგრამ, რა ნაწილია გადაყვანილი გაზზე, არ არის ცნობილი, რადგან ეს არაოფიციალურად ხდება. ცდილობენ, ეს შესამჩნევი არ იყოს“,- აცხადებს ურუშაძე „ალიასთან“ საუბრისას.
ურუშაძის შეფასებით, მიკროავტობუსების გაზზე გადაყვანით მგზავრთა უსაფრთხოების ზომები ირღვევა, მით უმეტეს, როცა ძველი გაზის „ბალონებს“ ამონტაჟებენ.
„მაქვს ინფორმაცია, რომ ამ მიკროავტობუსებში ყენდება ნაკლებად უსაფრთხო „ბალონები“. საზოგადოებაში კი არის გავრცელებული, რომ ეს გაზის „ბალონები“ უსაფრთხოა, მაგრამ ასე არ არის. ბოლო პერიოდში შემოვიდა მე-4 თაობის იტალიური ბალონები, რომლებიც დამზადებულია მეტალოპლასტიკატისგან, რომელიც აფეთქების შემთხვევაში ნაკლებ ზიანს იწვევს. ჩემი ინფორმაციით, ამ მიკროავტობუსებში გამოყენებულია არა აღნიშნული ტიპის, არამედ ძველი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში წარმოებული რუსული მარკის სატვირთო ავტომობილების „გაზ- 53“-ის რკინის და ლითონის ბალონები, რაც სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს. როცა ნარმანია გამოდის და გვესაუბრება თანამედროვე ჰიბრიდული ავტობუსების შემოყვანაზე, ამ ფონზე ეს მიკროავტობუსები გადაჰყავთ გაზზე, რაც ძალიან დიდი პრობლემაა“,-აღნიშნავს ურუშაძე.
ამასთან, „საზოგადოებრივი ინიციატივის“ ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ მიკროავტობუსების გაზზე გადაყვანასთან დაკავშირებით კორუფციული გარიგებები არსებობდეს.
„ვინაიდან, დიზელის ძრავის კონსტრუქციის გაზზე გადაყვანა შეუძლებელია, მსუბუქი ავტომობილის ძრავი ერგება ყვითელი მიკროავტობუსის კონსტრუქციას, ამიტომ იყენებენ მოძველებულ, ექსპლუატაცია ამოწურულ „მერსედესის“ „ემ-ელ-ის“ მარკის ძრავებს. ამასთან, კანონით, ის ავტოსანტრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც შვიდ მგზავრზე მეტი გადაჰყავს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ვალდებულები არიან, ექვს თვეში ერთხელ ტექნიკური დათვალიერება გაიარონ. ჩემ მიერ დასახელებულ შემთხვევაში კი დარღვეულია ავტომობილის კონსტრუქცია, მიკროავტობუსიდან გამოღებულია ორიგინალი ძრავი და ჩაყენებულია მსუბუქი ავტომობილის ძრავი. ამ შემთხვევაში, ტექდათვალიერებაც კი ვერ დაიწყება, იმიტომ, რომ როგორც კი ძრავის სახურავს ავხდით, დავინახავთ, რომ ავტომობილში სხვა ძრავი აყენია, რაც არის ავტომობილის კონსტრუქციის დარვევა და შესაბამისად, ასეთი ავტომობილი ტექდათვალიერებასაც კი ვერ გაივლის. თუ ეს მიკროავტობუსები ტექდათვალიერებას გადიან, გამოდის, რომ ტექდათვალიერება არის ძალიან ზედაპირული და არ არის გამორიცხული, საქმე კორუფციასთან გვქონდეს“,-აცხადებს ვასილ ურუშაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები