ექსკლუზივი: მარიამ ხაჭვანის ფილმის სცენარი კანში მოხვდა
ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარი „დედე“ კანის ფესტივალზე მოხვდა. “კვირა“ დავუკავშირდა მას და პირველმა მიულოცა გამარჯვება:
– მადლობა, ნამდვილად ძალიან გახარებული ვარ. სულ მეგონა, რომ წელს კანში მივდიოდი, ოღონდ არ ვიცოდი, საიდან, რადგან ვიცოდი, რომ მოკლემეტრაჟიან ფილმს კანში არ მიიღებდნენ იმის გამო, რომ პრემიერა უკვე იყო სხვა ფესტივალებზე. კანში კი პირველ პრემიერას ითხოვენ. მერე ფილმი თბილისის ფესტივალში მონაწილეობდა და თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ პრიზს ავიღებდი. ათი დღის წინ პროდიუსერმა მითხრა, სოფიაში გავედითო და კანიდანაც ველოდები პასუხსო. მაშინ ასი პროცენტით დავრწმუნდი, რომ მოვხვდებოდი… ფეისბუქზე სტატუსებსაც ვწერდი, რომ სიურპრიზს ველოდებოდი. ჩემი წინათგრძნობა არ ცდება, შესაბამისად, პალმასაც ველოდები. სულ ვხუმრობ, რომ პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა ოცნებებს მიხდენს – მეთქი.
შეგახსენებთ, რომ მარიამ ხაჭვანის ამ სცენარმა საქართველოში “გალა” აიღო და 2012 წლის საუკეთესო კინოსცენარად დასახელდა, სომხეთში კი გაიმარჯვა, როგორც საუკეთესო რეგიონალურმა პროექტმა.
ერთ კვირაში მარიამ ხაჭვანის პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა სოფიის კინოფესტივალზე მიემგზავრება.
თეონა გოგნიაშვილი