საქართველოს მომავლის ვარსკვლავები
კულტურის სამინისტრო ახორციელებს პროექტს “საქართველოს მომავლის ვარსკვლავები”, რომლის მიზანია კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, ასევე საქართველოში და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები განსაკუთრებულად ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების ერთობლივი მიღწევების წახალისება. ამ პროექტის ფარგლებში 1 მარტს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობდნენ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ქართველი და სომეხი მოსწავლეები: ილია ლომთათიძემ- ფორტეპიანო (თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი), რევაზ ხაინდრავა – ვიოლონჩელო (თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“), პოლინა სარაფიანი – ვიოლინო (ერევნის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის სპეციალური საშუალო მუსიკალური სკოლა) და მანე ავაკიანი – ფლეიტა (ერევნის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის სპეციალური საშუალო მუსიკალური სკოლა).
ამავე პროექტის ფარგლებში კლასიკური მუსიკის კონცერტი 2013 წელსაც ჩატარდა, სადაც მონაწილეობდნენ: ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდა ელისო გოგიბედაშვილი (ვიოლინო) და ლიზი რამიშვილი (ვიოლონჩელო).
უახლოეს მომავალში დაგეგმილია კონცერტი აზერბაიჯანელი და ქართველი ნიჭიერი ბავშვების მონაწილეობით.