წარმატება ალ ბუსტანის 21-ე საერთაშორისო ფესტივალზე
4 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ბეირუთში (ლიბანი), ალ ბუსტანის 21-ე საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ორკესტრმა წარმატებით დაასრულა ბეირუთში (ლიბანი) ალ ბუსტანის 21-ე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა.
ალ ბუსტანის საერთაშორისო ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო. წელს ფესტივალი 18 თებერვალს თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრის კონცერტით გაიხსნა. შემდეგ ორკესტრი მსმენელთა წინაშე კიდევ ოთხჯერ წარდგა საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამით. ამ კონცერტებზე ჩვენმა ორკესტრმა, დამოუკიდებელი სიმფონიური თხზულებების შესრულების გარდა, პარტნიორობა გაუწია სოლისტებს – პირველ ორ კონცერტზე მსოფლიო აღიარების მქონე ბანდონეონისტს მარიო სტეფანო პიეტროდარკის, შემდეგ ფრანგ მევიოლინეს ალექსანდრა სუმს, სოპრანო ჯოჰანი ფონ ოოსტრუმს, მევიოლინე სერგეი კრილოვს.
ხუთივე კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარმა დირიჟორმა და ალ ბუსტანის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯანლუკა მარჩანომ იდირიჟორა.
15 და 16 მარტს მაყურებელი იხილავს სპექტაკლებს „შოპენიანა“ და „მარგარიტა და არმანი“, სადაც მარგარიტას როლს პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი შეასრულებს, იგი ასევე იცეკვებს კამილ სენ-სანსის მომაკვდავ გედს. ალ ბუსტანის ფესტივალზე წელს ასევე იმღერებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი ირაკლი მურჯიკნელი – ის 19 მარტს იასკო ფუჯიისთან, კლეარ პრისლენდთან, საშა ჩანოსთან, ლიბანის კონსერვატორიისა და ანტონინის უნივერსიტეტის გუნდებთან, სომხეთის სახელმწიფო ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის შესრულებაში. ამ კონცერტსაც ჯანლუკა მარჩანო იდირიჟორებს. გასტროლის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.