დევნილთა სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. აღნიშნული გრანტი გაიცემა იურიდიული დახმარების გაწევისა და საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების განხორციელებისათვის. აღნიშნული, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესს და, მეორე მხრივ, ამავე მიმართულებით, არასამთავრობო სექტორის განვითარებას გააძლიერებს.
დევნილთა სმაინისტროს ინფორმაციით, გასაცემი თანხის ოდენობა 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარს შეგადგენს. გაიცემა 2 გრანტი. საგრანტო კონკურსი გამოცხადდა სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის #246 ბრძანების შესაბამისად. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს ან მის ფილიალს, რომელიც დააკმაყოფილებს საგრანტო პროგრამის მოთხოვნებს.
საგრანტო განაცხადებს განიხილავს და შეჯიბრებითობის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით გამარჯვებულებს გამოავლენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ შექმნილი კომისია, რომლის წევრებიც სამინისტროს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული საერთაშორის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის მხარდაჭერა. აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებულია როგორც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზა- ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით, ასევე 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმებით.
დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან. საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური დახმარებით, სამინისტრო წლების განმავლობაში ახორციელებს სარეინტეგრაციო პროექტებს. 2015 წელს კი, პირველად საქართველოში, სარეინტეგრაციო პროექტების განსახორციელებლად, თანხა სახელმწიფო ბიუჯეტშიც აისახა.
საგრანტო კონკურსისა და საგრანტო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.mra.gov.ge, სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 7 აპრილი, 18:00 საათი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები