საკრებულოში მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის ანგარიში მოისმინეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის ანგარიში მოისმინეს. სხდომას ქონების მართვისა და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია უძღვებოდა.
ანგარიში, მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსმა დავით მორალიშვილმა წარადგინა, რომელმაც კომისიის წევრებს, საქალაქო სამსახურში არსებული მდგომარეობა გააცნო და დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა.
მორალიშვილმა დეპუტატებს ინფორმაცია შვიდი თვის საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ ტენდერებზე, ტენდერების შედეგად გაფორმებულ ხელშეკრულებებსა და მიმდინარე სტატისტიკურ მონაცემებზე მიაწოდა. საქალაქო სამსახურში დანერგილ სიახლეებზე საუბრისას, სამსახურის უფროსმა ყურადღება ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენებისა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა. ასევე, დანერგილ სამუშაოთა წარმოების გეგმა–გრაფიკის გამოყენების პრაქტიკაზე და სამუშაოთა წარმოების გეგმა–გრაფიკით განსაზღვრული ეტაპების ინსპექტირების შედეგების მიხედვით შემუშავებულ სანქციებზეც.
საქალაქო სამსახურის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან შესყიდვების საქალაქო სამსახურის მიერ Google Drive -ის ონლაინსისტემაში შესყიდვის პროცედურების მართვის და აღრიცხვის ერთიანი განახლებადი ბაზა დაინერგა, რამაც როგორც ტენდერების ეტაპობრივი სტატუსების ოპერატიული მართვა გააუმჯობესა, ასევე სტატისტიკური და ანალიტიკური ინფორმაციის შემჭიდროვებულ ვადებში მობილიზებას შეუწყო ხელი.
გარდა ამისა, სხდომაზე მერიის საქალაქო სამსახურის უფროსმა ის სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა, რომლებიც, შესყიდვების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს, გაფორმებულ ხელშეკრულებებს და მიღებულ ეკონომიებს ეხებოდა.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სხდომა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კომისიის წევრებმა მერიის საქალაქო სამსახურის უფროსს წარმოდგენილ მონაცემებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს, დეტალური პასუხები მოისმინეს და მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის ანგარიში დადებითად შეაფასეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები