ალპებში ჩამოვარდნილი А320-ის ერთ-ერთი პილოტი ავიაკატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე კაბინიდან გამოვიდა
გერმანული ავიაკომპანია „ჯერმანვინგის“ ლაინერ Airbus A320-ის პილოტი კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე კაბინიდან გამოვიდა. ამის შესახებ გამოძიებაზე დაყრდნობით ფრანგული მედია იუწყება. იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთმა პილოტმა კაბინა დატოვა, პილოტების საუბრის ჩანაწერების გაშიფვრის შედეგად გახდა ცნობილი.
„პილოტმა კაბინა დატოვა, შემდეგ უკან დაბრუნება სცადა, მაგრამ კარი ვერ გააღო და მის შენგრევასაც კი შეეცადა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ დატოვა პილოტმა კაბინა და რატომ ვერ ახერხებდა უკან დაბრუნებას. დანამდვილებით ცნობილია, რომ კატასტროფამდე პილოტთა კაბინაში მხოლოდ ერთი მფრინავი იყო და ის კარს არ აღებდა“, – იუწყება გამოცემის წყარო.
„ჯერმანვინგის“ კუთვნილი А320-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა 24 მარტს საფრანგეთის ტერიტორიაზე განიცადა. ბორტზე მყოფი 150-ვე ადამიანი დაიღუპა. გამოძიება კატასტროფის 3 ძირითად ვერსიას განიხილავს – სალონის ჰერმეტულობის დარღვევა, ხანძარი ან ტექნიკური გაუმართაობა.