ფრანგმა მაშველებმა „Airbus 320“-ის ნამსხვრევები აღმოაჩინეს
საფრანგეთში მაშველებმა „Airbus 320“-ის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, რომელმაც დღეს კატასტროფა განიცადა. საფრანგეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 142 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი დაიღუპა. კატასტროფა საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, მაღალმთიან რაიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრთა უმეტესობა გერმანიის მოქალაქეა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მანუელ ვალსის ინფორმაციით, ავიალაინერი სოფელ დინ-ლე-ბენის მახლობლად ჩამოვარდა. ის, რომ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმაც დაადასტურა. „ვინმეს გადარჩენის იმედი ჩვენ არა გვაქვს“, – განაცხადა ოლანდმა საგანგებოდ გაკეთებულ განცხადებაში. თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე უკვე გაემგზავრა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბერნარ კაზნევი. გერმანული ავიაკომპანია German Wings-ის თვითმფრინავი ბარსელონა – დიუსელდორფის რეისს ასრულებდა.