ქაბულში ახალგაზრდა ქალის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა
ათასობით ადამიანი ქაბულის ქუჩებში გამოვიდა ლინჩის წესით დასჯილი ქალის მკვლელობის წინააღმდეგ, რომელიც 19 მარტს ავღანეთის დედაქალაქში მოხდა. დემონსტრანტები ავღანეთის მთავრობისგან დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ. მათ მეჩეთთან მდებარე ქაბულის ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს, ის ადგილი, სადაც ქალი, სახელად ფარხუნდა სასტიკად აწამეს და მოკლეს. 27 წლის ავღანელი ქალი რამდენიმე მამაკაცმა ფეხებით, ქვებით და ჯოხებით ჩაქოლა. მას ყურანის დაწვას აბრალებდნენ. ამის შემდეგ მკვლელებმა გვამს ცეცხლი წაუკიდეს და მდინარეში გადააგდეს. ქალის მკვლელობას მობილური ტელეფონებით იღებდნენ.