პესკოვი პუტინს – „გილოცავთ შვილების დაბადებას“
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ვლადიმერ პუტინის 10-დღიანი გაუჩინარების დეტალებს ასაჯაროებს. ნორვეგიულ გაზეთ Dagbladet-თან ინტერვიუში პესკოვი ამბობს, რომ პუტინის გაუჩინარებამ მრავალი ხუმრობის საფუძველი გააჩინა.
„პუტინი მოსკოვთან ახლოს მდებარე რეზიდენციაში მუშაობდა. ბევრს ჰგონია, რომ თუ ის ტელევიზორში არ ჩანს, ესე იგი სახლში ზის და არაფერს არ აკეთებს. მე მასთან მივედი და ვუთხარი – ბატონო პრეზიდენტო, ვიცი, რომ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდით. თქვენ ხომ გენერალთა ჯგუფმა გაგიტაცათ და ფარულად შვეიცარიაში წაგიყვანათ. იქ კი თქვენ რამდენიმე შვილი გეყოლათ. გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო!“ – ამბობს პესკოვი.
მანამდე პუტინის გაუჩინარების და შესაძლო ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციას დიმიტრი პესკოვი „გაზაფხულის გართულებას“ უწოდებდა.