იანუკოვიჩის პარტია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის შვილის დაღუპვას ადასტურებს
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტია“ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მისი შვილის დაღუპვის შესახებ. „რეგიონების პარტიის“ საიტზე, რომლიც წევრი ვიქტორ იანუკოვიჩი-უმცროსიც იყო, ნეკროლოგი გამოქვეყნდა.
პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტის 33 წლის შვილი 20 მარტს ტრაგიკულად დაიღუპა. არანაირი დეტალები არ ზუსტდება. „ჩვენ – ყველანი კარგად ვიცნობდით ვიქტორ იანუკოვიჩ-უმცროსს, მას უყვარდა სიჩქარე და ექსტრიმი და ბოლომდე იცავდა თავის სამოქალაქო პოზიციას. მას უყვარდა სიცოცხლე და იყო ნამდვილად ნათელი ადამიანი“, – ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ნეკროლოგში.
შეგახსენებთ, რომ მედიაში იანუკოვიჩი-უმცროსის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ამ მონაცემების მიხედვით, იანუკოვიჩის კუთვნილი ავტომანქანა რუსეთში, ბაიკალის ტბაზე ყინულის ქვეშ ჩავარდა. მანქანაში მყოფი 5 მგზავრის გადარჩენა მოხერხდა.