რომის პაპი: სიკვდილით დასჯა მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში
არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება სიცოცხლე მოუსწრაფოს მეორეს, – ეს განცხადება “ბიბისის” ცნობით, რომის პაპმა, ფრანცისკემ გააკეთა.
რომის პაპი მიიჩნევს, რომ სიკვდილით დასჯა მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა რა დანაშაული ჩაიდინა პატიმარმა. ვატიკანში სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგე საერთაშორისო კომისიის წევრებთან შეხვედრისას, პონტიფიკოსმა აღნიშნა, რომ სიკვდილით დასჯა ადამიანის სიცოცხლის უფლების უხეში დარღვევაა.
“კანონის უზენაესობისთვის, სიკვდილით დასჯა არის მარცხი, ვინაიდან ის უფლებას გვაძლევს მოვკლათ ადამიანი კანონის სახელით” , – აღნიშნა რომის პაპმა.
არგენტინელი სასულიერო პირი, ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას სათავეში 2 წლის წინ – 2013 წლის 13 მარტს ჩაუდგა. პონტიფიკოსი განსაკუთრებული ჰუმანურობით, უშუალობითა და თავმდაბლობით გამოირჩევა.