გივი თარგამაძემ დაადასტურა, რომ შსს-ში მომუშავე პოლიციელი მას ნამდვილად აწვდიდა ინფორმაციას

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გივი თარგამაძემ დაადასტურა, რომ შსს-ში მომუშავე პოლიციელი მას ნამდვილად აწვდიდა ინფორმაციას. ამასთან, თანამდებობიდან განთავისუფლებულ პოლიციელს მან დამსახურებული თანამშრომელიც კი უწოდა.
“რუსლან ბაზიაშვილი არის მაღალი დონის პროფესიონალი და პატრიოტი. მას დიდი წვლილი მიუძღვის ასლან აბაშიძის რეჟიმის დამარცხებაში, საქართველოში რუსული აგენტურის გამოაშკარავებაში. დღევანდელ რეალობაში ის შეებრძოლა აჭარასა და მთელ საქართველოში ქურდულ-პოლიციურ-სახელისუფლო სინდიკატის ჩამოყალიბებას. სიტუაციაში, როდესაც მთელი მისი ხელმძღვანელობა ჩართული იყო ამ დანაშაულებრივ ერთობაში, მან მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საგანგაშო მდგომარეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ შსს ათავისუფლებს დამსახურებულ თანამშრომელს “კანონიერი ქურდის” ქვეყანაში პოლიციის მაღალჩინოსანთა დახმარებით, ფარულად შემოყვანის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო”, – ნათქვამია გივი თარგამაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გენინსპექციის უფროსის მოადგილემ ვარლამ ხათრიძემ განაცხადა, რომ რუსლან ბაზიაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრისთვის ფარული ინფორმაციის მიწოდების გამო გაანთავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები