ბრიტანეთი ე.წ. ხელშეკრულების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი, დევიდ ლიდინგტონი უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ – ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
“ეს ე.წ. ხელშეკრულება და პირველი, გასული წლის ბოლოს, რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის ხელმოწერილი, მხოლოდ გაართულებს რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად ჩატარებულ უმნიშვნელოვანეს ძალისხმევას და შექმნის დამატებით ბარიერებს ჟენევის გრძელვადიან მოლაპარაკებებზე, სადაც რეგიონული უსაფრთხოება და ძალის გამოუყენებლობა განხილვის ძირითადი მიმართულებებია. ეს ქმედება, რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების საქმეში ჩარევის კიდევ ერთი დასტურია და წარმოადგენს მათი მხრიდან სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ უგულვებელყოფას. ჩვენ, ყველამ, დავინახეთ რა მძიმე ვითარებამდე მიიყვანა, ამგვარმა ჩარევამ მდგომარეობა უკრაინაში.
გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მოვუწოდებ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. მათ შორის, გაიყვანოს საჯარისო შენაერთები სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან და დააბრუნოს 2008 წლის კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება. სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულებას ხელი 18 მარტს მოეწერა. ისევე, როგორც 2014 წლის დეკემბერში სეპარატისტულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ესეც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის სრულ უგულებელყოფას”, – აცხადებს ბრიტანეთის ევროპის მინისტრი დევიდ ლიდინგტონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები