მოქვის სახარების ბეჭდური გამოცემა

20 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ქართული კულტურისა და ისტორიის მე-14 საუკუნის ძეგლის – მოქვის სახარების ბეჭდურ გამოცემას. მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული გამოცემა ინარჩუნებს ხელნაწერის აუთენტურ ფორმატს და შეიცავს 155 უნიკალური მინიატიურის რეპროდუქციას. ქართულ ტექსტს თან ერთვის თარგმანი აფხაზურ და ინგლისურ ენებზე.
მოქვის სახარება გამოიცა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე.
როგორც ცნობილია, მოქვის სახარება, უნიკალური ისტორიული ძეგლი და ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშია. ოთხთავი გადაწერილია 1300 წელს, აფხაზეთში, ღვთისმშობლის სახელობის მოქვის ეკლესიაში დანიელ მოქველი ეპისკოპოსის დაკვეთით. ხელნაწერი ცნობილია მდიდრული ტრადიციული ქართული ორნამენტებითა და მინიატიურებით. ხელნაწერში 329 ფურცელი, 155 სიუჟეტური მინიატიურა, 10 კამარა, 4 თავსამკაული და 530-ზე მეტი მოხატული საზედაო ასოა. ტექსტი შესრულებულია ნუსხურით. 1921 წელს მოქვის სახარება საქართველოს სხვა ეროვნულ საგანძურთან ერთად გადასარჩენად საფრანგეთში გაიტანეს ხოლო, 1945 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით საქართველოში დაბრუნდა. ამჟამად მოქვის ოთხთავი დაცულია თბილისში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები