კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფის წევრების ვინაობა გახდება ცნობილი

დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ცნობილი გახდება კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფის წევრების ვინაობა. პირებს, რომლებიც კონსულტაციას გაუწევენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე წარადგენს.
კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 2015 წლის 16 იანვარს დაიწყო და 12 თებერვალს დასრულდა – შემოვიდა სულ 34 განაცხადი. ჯგუფის წევრები კულტურისა და შემოქმედებითი სექტორიდან შეირჩნენ. ისინი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ დოკუმენტის შემუშავების პროცესში, აწარმოებენ კულტურის სტრატეგიის პროცესის შესახებ კომუნიკაციას ფართო საზოგადოებასთან, ხელს შეუწყობენ პროცესის საჯაროობას და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას.
საკოორდინაციო ჯგუფის საქმიანობას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოლიტიკის სამმართველო წარმართავს. კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების პროფესიონალებისათვის საკოორდინაციო ჯგუფში მუშაობა არ ანაზღაურდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის შედეგად მიღებულ იქნება ორი დოკუმენტი: კულტურის გრძელვადიანი სტრატეგია (2025 წლამდე) და სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა (2016-2017 წლები), რომლებსაც 2015 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. „კულტურა 2025-ის“ მიზანია, განსაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ხაზს გაუსვამს კულტურის თანდაყოლილ ღირებულებასა და მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებაში. სამოქმედო გეგმის მიზანია განსაზღვროს მოკლევადიანი პრიორიტეტები და ქმედებები კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების ასაღორძინებლად. ასევე, აღნიშნული დოკუმენტი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. კულტურული პროცესების მართვის ხელშესაწყობად, „კულტურა 2025-ის“ სტრატეგიის შემუშავების პრინციპებად გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა განისაზღვრა. სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება ღია მონაწილეობის მეთოდით განხორციელდება და მასში ჩართული იქნებიან საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების (ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობა და შემოქმედებითი ინდუსტრიების) წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები