“რუსეთისთვის სანქციების დაწესების მცდელობა აშშ-სთვის კრახით დასრულდება“

  რუსეთის ფედერაციისათვის სანქციების დაწესების მცდელობა აშშ-ის ფინანსური სისტემისათვის კრახით დასრულდება, – ამის შესახებ დღეს „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მრჩეველმა, სერგეი გლაზევმა განაცხადა. გლაზევის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის სენატი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს დააწესებს, ფედერაცია იძულებული გახდება, შექმნას თავისი ფულადი ანგარიშსწორების სისტემა და უარი თქვას დოლარზე.
“ძალიან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან აღმოსავლეთსა და სამხრეთში და მოვძებნით გზას, რომ არა მხოლოდ გავანულოთ ჩვენი ფინანსური დამოკიდებულება აშშ-ზე, არამედ ამ სანქციებს თავს დავაღწევთ ჩვენთვის ძალიან სარგებლიანად. მცდელობა, რუსეთის ფედერაციისათვის სანქციების დაწესებისა, აშშ-ის ფინანსური სისტემისთვის კრახით დასრულდება, რაც გამოიწვევს აშშ-ის მსოფლიო ფინანსურ სისტემაზე დომინირების დასასრულს”, – განაცხადა გლაზევმა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სანქციები გამოყენებული იქნება რუსულ სამთავრობო სტრუქტურებთან მიმართებაში, რუსეთის ფედერაცია იძულებული გახდება ფაქტობრივად შეუძლებლად ცნოს იმ კრედიტების დაბრუნება, რომლებიც აშშ-ის ბანკების მიერ რუსულ სტრუქტურებზე გაიცემა. “სანქციები ხომ ორმხრივად მოქმედი იარაღია და თუკი აშშ გაყინავს ჩვენს აქტივებს, ანალოგიურად, გაიყინება ჩვენი ორგანიზაციის პასივებიც დოლარში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ბანკები და ბიზნესდაწესებულებები არ დაუბრუნებენ სესხებს ამერიკულ ბანკებს”, – განმარტა გლაზევმა. ამასთან, მისი თქმით, თუკი ამერიკა გაყინავს რუსული ბიზნესებისა და მოქალაქეების ანგარიშებს, რუსეთის ხელისუფლების რეკომენდაცია მათდამი იქნება, რომ გაყიდონ აშშ-ის მთავრობის ობლიგაციები.
სენატმა რუსეთს უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო შესაძლოა, სანქციები დაუწესოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები