ლისის ტბის ფერდობზე 300 – ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო

„საბა კონსტრაქშენმა“ თბილისში, ლისის ტბის ფერდობზე 300 -ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ობიექტი დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ დაათვალიერეს.
აღნიშნულ პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, საქართველოს მთავრობის დავალებით, შპს „საბა კონსტრაქშენი“ ახორციელებს.
როგორც კომპანიის დირექტორმა ლევან თარგამაძემ აღნიშნა, მათ სამშენებლო კომპანიას რამდენიმე მსხვილი ობიექტი აქვს დასრულებული. მისივე ინფორმაციით, ლისის ტბის ფერდობზე სამი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება სტუდენტებისათვის, ასევე ადმინისტრაციული შენობა, სადაც 150 სტუდენტზე ერთდროული მომსახურებისათვის გათვლილი კაფეტერია განთავსდება. დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ პროექტს უაღრესად აქტუალური უწოდა და აღნიშნა, რომ ის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ხორციელდება. მისივე ინფორმაციით, თბილისის მერია ჩართული იქნება საერთო საცხოვრებლის ყველა აუცილებელი კომუნიკაციით უზრუნველყოფაში.
“ყველა ევროპული ტიპის ქალაქი, სადაც უმაღლეს განათლებას და სწავლას ყურადღება ექცევა, ასეთი ცენტრებით არის უზრუნველყოფილი. ამით თბილისი სულ უფრო მეტად ემსგავსება ევროპული ტიპის ქალაქს”, – განაცადა დავით ნარმანიამ.
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია ობიექტის სპორტული მოედნებით მოწყობა, ასევე ბიბლიოთეკითა და კაფეტერიით აღჭურვა. საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობას სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დავალებით ახორციელებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 5 250 777 ლარს შეადგენს. საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ბინები იქნება, მათ შორის რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის იქნება განკუთვნილი. შესაბამისად, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული მათთვის. მშენებლობის დასრულება მომავალი წლის თებერვალში იგეგმება. აშენებული კომპლექსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა. 300 -ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. პროექტის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. პროექტით გათვალისწინებულია 3 საცხოვრებელი კორპუსისა და ადმინისტრაციული შენობის აშენება. ასევე, გაკეთდება კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, სამრეცხაო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რომელიც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის. შენობის გარეთ შიდა გზები და ბილიკები, ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები და გარე განათება მოეწყობა. მოხდება ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება.
სამშენებლო კომპანია “საბა კონსტრაქშენი” შეიქმნა 2012 წლის აპრილში. კომპანიის მისიაა, დააკმაყოფილოს ყველაზე ამბიციური დამკვეთის მოთხოვნა, შეუქმნას მათ ცხოვრებისა და ბიზნესის წარმოების უსაფრთხო გარემო და, მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. სამშენებლო პროცესის მიმდინარეობის დროს კომპანია აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე და უახლეს სამშენებლო მასალებზე. კომპანიის მიზანია, უმოკლეს დროში მოიპოვოს პირველობა სამშენებლო ბაზარზე. სწორედ ამიტომ, თანამიმდევრულად გეგმავს თავისი სამუშაო არეალის გაფართოებას და, შესაბამისად, კომპანიის დინამიკურ განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები