იაპონიაში კატასტროფების რისკის შემცირების გაეროს მესამე მსოფლიო კონფერენცია გაიმართება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია იაპონიის ქ. სენდაიში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. მინისტრის მოადგილე კატასტროფების რისკის შემცირების გაეროს მესამე მსოფლიო კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კონფერენციის მონაწილე ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
კატასტროფების რისკის შემცირების გაეროს მესამე მსოფლიო კონფერენციაზე 2015-2025 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდება. დოკუმენტის მიზანია, სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ზიანის, ადამიანთა მსხვერპლისა და ქვეყნების სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური რესურსების განადგურების რისკის მნიშვნელოვნად შემცირება.