„დელტამ“ სახელმწიფოს ზრუნვიდან გასულ ბავშვებზე მეურვეობა იკისრა
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანადუმი გააფორმეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „დელტა“ სურვილს გამოთქვამს და პასუხისმგებლობას იღებს, სახელმწიფოს მზრუნველობაში მყოფი ბავშვები სრულწლოვანების შემდეგ მათ მეურვეობაში გადავიდნენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, „დელტას“ ინიციატივით ყოველწლიურად, 18 წელს მიღწეულ 2 მოზარდს (1 წლის ვადით), თავის საწარმოში დაასაქმებს, ასწავლის ხელობას, უზრუნველყოფს ხელფასით და საცხოვრებლით. ეს ყველაფერი ცენტრის თანამშრომლების კეთილი ნებით გაღებული თანხების მეშვეობით მოხდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ცენტრ „დელტას“ სურვილია, ამ ინიციატივას სხვა მსხვილი კომპანიებიც შეუერთდნენ და სახელმწიფოს ზრუნვიდან გასულ ბავშვებზე მეურვეობა აიღონ. ეს ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში და დაეხმარება სრულწლოვანებას მიღწეულ ახალგაზრდებს, დამოუკიდებლად წარმართონ თავისი ცხოვრება. დღესდღეობით სახელმწიფოს მზრუნველობაში, ანუ სხვადასხვა სერვისში (მცირე საოჯახო ბავშვთა სახლებში, ბავშვთა სახლებში, მინდობითი აღზრდაში და სხვა) 1633 ბავშვი იმყოფება. მათგან ყოველწლიურად, საშუალოდ, 10-15 ბავშვი გადის სახელმწიფო მზრუნველობიდან, რომელთაც საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ.