ლისის ტბის ფერდობზე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდება
ლისის ტბის ფერდობზე 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდება. მშენებლობის საფუძვლის ჩაყრას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან გიორგი ამაშუკელთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ილია დარჩიაშვილთან და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძესთან ერთად დაესწრო.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ეს მნიშვნელოვანი პროექტი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე ხორციელდება. მისივე თქმით, ევროპის ქალაქების მსგავსად, ახალი სტუდენტური ქალაქი თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვება, რაც მნიშვნელოვნად წაადგება ქალაქს და იმ სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი საცხოვრებელი ფართი. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, საკომუნიკაციო სამუშაოებს თბილისის მერია განახორციელებს.
„ამით ჩვენი დედაქალაქი სულ უფრო მეტად ემსგავსება ევროპულ ქალაქებს. პარალელურ რეჟიმში, წელს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე თბილისის მერია იწყებს ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის პროექტს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიის ინფორმაციით,საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.
მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დავალებით ახორციელებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 5.250.777 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „საბა კონსტრაქშენი” ახორციელებს.მშენებლობის დასრულება 2016 წელს იგეგმება.