ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 17 მარტს სრულდება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია ხვალ, 17 მარტს სრულდება- ამის შესახებ „კვირას“ ერთიანი ეროვნული გამოცდების პრესსამსახურიდან აცნობეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, აბიტურიენტებმა, სტუდენტებმა და მაგისტრანტობის კანდიდატებმა რეგისტრაცია ინტერნეტით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა გაიარონ (www.naec.ge; online.naec.ge); იქვე განთავსებულია რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია.
რეგისტრაციის გავლა აპლიკანტებს 17 მარტის 18:00 საათამდე შეუძლიათ. ვადის ამოწურვის შემდეგ მსურველები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან.
აბიტურიენტმა რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, რომლის ხანგრძლივობა ერთი თვეა (10 თებერვალი -17 მარტი), აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი და ენა, რომელზეც სურს გამოცდის ჩაბარება – ეს ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეიცვლება.
2015 წელსაც აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, რამდენიმე თვის განმავლობაში ცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები (ფაკულტეტები), მათი რაოდენობა და თანამიმდევრობა. პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება. სახელმწიფო წელსაც დააფინანსებს ბაკალავრიატის გარკვეულ მიმართულებებს (შესაბამის პროგრამებზე ჩარიცხულები ისწავლიან უფასოდ). სასწავლებლების და მიმართულებების (პროგრამების) ნუსხა გამოქვეყნდება დამტკიცებისთანავე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (www.mes.gov.ge) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები