ნოდარ მამისაშვილი – ურწმუნო ადამიანი არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს ცარიელი ჭიქა, აბა ჩაიხედეთ შიგ რა ამბავია?

რუბრიკა პერსონა გთავაზობთ ვირტუოზი კომპოზიტორის, მეცნიერისა და მოაზროვნის ნოდარ მამისაშვილის ინტერვიუს პირველ ნაწილს, სადაც იგი საკუთარ ბავშვობაზე , ბავშვობის დროიდნელ უცნაურ ჩვევებზე, გასაოცარ უნარებზე , საკუთარ გენეტიკაზე და უჩვეულო გამომგონებლობაზე ისაუბრებს. ხალასი იუმორით მოყოლილი დიდი მეცნიერის პატარა ვუნდერკინდული ისტორიები მეტად საინტერესო და ბევრისმომცემია. მას წილად ხვდა ისეთი ადამიანების დროში ცხოვრება, რომლებმაც მასთან ერთად ეპოქა შექმნეს. შთამბეჭდავ ისტორიები, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ გენიოსები, ადამიანები, ხალხური სიბრძნის მატარებელნი, ბუნებასთან მოსაუბრენი, რომლებმაც მის მომავალ ცხოვრებაზე , მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონიეს. მისი მონაყოლი მთლიანად სწავლება გახლავთ, გამოცდილების გაზიარება, რომელიც მსურველს მართალი გზის ძებნაში დაეხმარება

– დაბადება და უცნაური ჩვევები…11035164_940134892687358_380838454_o

 ვფიქრობ, რომ დაბადება ზოგჯერ განსაკუთრებული თავისებურებებით გამოირჩევა. თუმცა მე დავიბადე თბილისში, მაგრამ არის რამდენიმე ძალიან საინტერესო ნიუანსი : პირველი ის, რომ  მე მახსოვდა პაპაჩემის მამა, რომლის  სურათიც კი არ  მქონდა ნანახი. მისი ფოტო უბრალოდ არ არსებობდა.  მე წარმოშობით ფშავიდან ვარ . მახსოვდა ფშავეთის ის სახლი, რომელიც ჩვენ გვეკუთვნოდა და რომელიც არასდროს არ მენახა.
პაპის მამა იყო  ხევისბერი. ჩემი გვარი, მამისაშვილი, „მამისადან“ არის ნაწარმოები. მამისა იყო როგორც  მღვდელთავარი, რომელიც მიუძღვოდა თავის იმდროინდელ ტომს.  უცანურია, რომ ზოგიერთი ჩვევა  პაპის მაქვს გამოყოლილი ეს ძალიან უცნაური ჩვევაა. . მამაჩემი გაოცებული იყო, როდესაც დაინახა, რომ მე  თავზე ხელს  სწორედ ისე ვიდებ, როგორც ამას პაპაჩემი აკეთებდა. ეს დაახლოებით ასეთია:  თავზე ხელს ისე იდებ, თითქოს თითებით კეპს იკეთებ,  ქუდი გახურავს ( იცინის), საკმაოდ უხერხული პოზაა დამეთანხმებით.  მეორე ძალიან საინტერესო მომენტი ის იყო, რომ როდესაც  პატარა წამიყვანეს ყაზბეგში,  მე ვიცანი ჩემი სახლი, რომელიც არასდროს არ მენახა. ამას არქმევენ  ხოლმე მისტიკას.  რა არის მისტიკა?! ადამიანი იმას, რასაც ვერ ხსნის, სამაგიეროდ უძებნის სახელწოდებას, და ეს სახელწოდება არის ხოლმე „მისტიკა“. თუმცა, უახლესი წარმოდგენები თანამედროვე ფიზიკაში, განსაკუთრებით ინფორმაციული კოდირების თვალსაზრისით, ამ პრობლემებს  ხსნიან. ვინაიდან ჩვენ ჯერ არ ვართ უახლეს აზროვნებაზე გადასული, ჩვენ ამას კვლავ მისტიკას ვუწოდებთ.
მესამე ასევე ძალიან საინტერესო ნიაუანსი გახლავთ ის, რომ დედის მხრიდან პაპა იყო მიწის მზომელი, რომელიც შესანიშნავად ერკვეოდა გეოლოგიაში, არქეოლოგიასა და ნიადაგმცოდნეობაში. განათლებული კაცის ეს მიწის ინფორმაცია გადმოვიდა ჩემზე. კიდევ ერთი საოცარი თვისება გამომყვა დედასგან. მას ქონდა ხოლმე ნათელმხილველული შეგრძნებები. ის შეგრძნებები ჩემზე იმდენად გადმოვიდა, რომ ხშირად  მინდოდა  ამ წინასწარმეტყველების დარღვევა. მაგალითად   სიზმრის მეშვეობით ვიცოდი,  რომელი ბილეთი უნდა შემხვედროდა გამოცდაზე. მინდოდა მეჯობნა სიზმრისთვის, თუმცა ვერასდროს ვერ  ვაჯობე. ამასაც თანამედროვე უახლესი ფსიქოლოგია ხსნის, თუმცა  ეს ფაქტიც ისევ მისტიკას მიეკუთვნება.

– თქვენ როგორ ხსნით ამას?

მე ამას ასეთნაირად ვხსნი: ადამიანს აქვს შესაძლებლობა  (ყველას არა, რათქმა უნდა), ამა თუ იმ დოზით, ამა თუ იმ ინტენსიობით გავიდეს ინფორმაციულ ველში. ის არის არა მარტო კოსმოსში, არამედ ჩვენშიაც.  კარმას რომ ეძახიან, ეს გამოგონებული კატეგორია არ არის – ის ჩვენში ზის. 11072309_940136309353883_1856805208_n ასეთი მცნებები გამოიგონა ადამიანმა. ეს ყველაფერი იმისათვის არის, რომ განსხვავებულობებმა  სასიკეთოდ გააწონასწორონ ერთმანეთი, მაგრამ პრობლემა მაინც პრობლემად რჩება: ყველაფერი, ჩვენი აღმოჩენები ვითარდება მათემატიკური პროგრესიით, მაგრამ ახალი იდეები და ახალი  პრობლემები ჩნდებიან გეომეტრიული პროგრესიით… ამიტომ   მათემატიკური პროგრესია გეომეტრიულ პროგრესიას ვერასოდეს დაეწევა.  ( იღიმება) ასე რომ, რაც არ უნდა ვეცადოთ უსასრულობა უსასრულობად დარჩება. ნებისმიერი აღმოჩენა, რომლის უკანაც ვდგავართ, იწვევს აუცილებელ დანამატს აღმოჩენებისას.
აი, ეს ბავშვობის ასეთი საინტერესო, ჩემის აზრით, მიმოხილვა ჩნდება.  მაგრამ ამ ბავშვობის მიმოხილვას აქვს ზოგი ძალიან სასაცილო ეპიზოდი, რომელიც  თითქოს არ უნდა მახსოვდეს,  მაგრამ  მაინც მახსოვს. ეს იყო საოცარი გამძლეობა. ბავშვობაში, თუკი რაიმეს ვიტკენდი, ტირილი არ ვიცოდი, გამძლე ვიყავი. მიმაჩნდა, რომ ცრემლი არ არის კაცის საქმე. მიუხედავად იმისა,  რომ ტარიელი ხშირად ტიროდა (იცინის) მაგრამ  კაცობა არ ეკლდა, მე მაინც ასეთი აზრისა ვიყავი. სულ რაღაც 3-4 წლის  ვიყავი, ცხარე ცრემლით  რომ ამატირა ერთმა გოგომ. დედაჩემმა მაღაზიაში შემიყვანა და იმ გოგომ ენა გამოიმიყო. მე ვიწყინე, რა დავუშავე, რად გამომიყო ენა მეთქი. გამოყოფილი ენა,  ეს უსამართლობის შეგრძნება იყო. ეს შეგრძნებაც გენეტიკურია. ამიტომ, როდესაც ადამიანი რაღაცას შემეკითხება, ვცდილობ მას გული არ ვატკინო.  ან გავურბივარ, ან თუ ვეუბნები, მაშინ ბოლომდე ვეუბნები, რასაც ვფიქრობ. ზოგჯერ ადამიანს უყვარს  მისტიკაზე საუბარი თავისუფლად. მითებზე, ლეგენდებზე საუბარი.  მეცნიერება არის მეცნიერება და არ სჯერა ყველაფერ ამის. მე არ მინდა დავუნგრიო მათ ეს ლეგენდები. ის ამით ხარობს, მე რატომ უნდა წავართვა ეს სიხარული?! მე მათ ჩემს მეცნიერულ ცოდნას ვერ მივცემ. იმან იცხოვროს ამ ლეგენდებით. ეხლა უამრავი საინტერესო წიგნია გამოსული. მათ შორის- „რა სწამს იმას, ვისაც არფერის არ სწამს.“ ჩვენ რომ გგვგონია, რომ ის ურწმუნოა, ეს ასე არ არის. ეს ჩვენ გგვგონია ასე, მაგრამ სინამდვილეში იმასაც სწამს რაღაცის . ურწმუნო ადამიანი არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს ცარიელი ჭიქა(იცინის). აბა ჩაიხედეთ შიგ რა ამბავია? ცარიელს ვამბობთ იმიტომ , რომ შიგ სითხე არ ასხია.  ასევეა ურწმუნოც, თუმცა  მას თავისი რწმენა აქვს.

– შემოქმედება და ინჟინერია

ძალიან ხშირად ჩემს შემოქმედებას და ინჟინერიას ერთმანეთისგან გამოყოფენ ხოლმე. ამასაც აქვს ძალიან საინტერესო ისტორია და  ეს ისტორია იწყება  პირველი ჩემი დიდებული აღმოჩენით. სოფელში ჩემი ბებია, მამაჩემის დედა, ჩურჩხელებს აკეთებდა ხოლმე ბევრს და ამ ჩურჩხელებს აივანზე, ჭერში კიდებდა. იქ ჩვენ სკამიც რომ დაგვედგა, ვერ მივწვდებოდით. ვიშოვე დიდი ჭოკი, გრძელი ხე ორკაპით. ერთზე მივამაგრე მაკრატლის ცალი გვერდი, მეორეზე-თოკი. ერთს ავწევდი, მეორეს ჩამოვწევდი და მოიჭრებოდა ჩურჩხელა. დიდი არ გეგონოთ. ამას ვაკეთებდი 4 წლის ბავშვი.  ბევრნი ვიყავით და რომ ვწვებოდით აივანზე „საკოლმეურნეო ლოგინს“  გვიშლიდნენ,  ერთ ხაზზე გაშლილ ბევრ საწოლს ( იღიმება) ჩვენს თავზე იყო ეს ჩურჩხელები. ბუნებრივია რომ ეს აღძრავდა მუზას  და ყოველ დღე  ვჭრიდით ორ–ორ ჩურჩხელას. ერთ დღეს სინდისმა შემაწუხა და ვუთხარი ბავშვებს, მოდით ბავშვებო, დღეს ერთი ჩურჩხელა ვიმყოფინოთ მეთქი  და ერთი ჩურჩხელა მოვჭერი მხოლოდ. იმ საღამოს მიმტყეპეს.  მიხვდნენ, ვინ გამოიგონებდა. ამას დიდი ცოდნა არ ჭირდებოდა. მოძებნეს ეს შეიარაღება,  რომელიც თივაში მქონდა დამალული, ეს ჩემთვის „ნატოს  შეიარაღება“ გახლდათ.(იცინის) დანაშაულზე პასუხი უნდა მეგო. ამ ამბის მერე დიდი ხანი რომ გავიდა, ბებია უკვე უნდა გადასულიყო „მეორე სამყოფელში“, როცა შევეხვეწე, ეთქვა, როგორ მიხვდა. აღმოჩნდა, რომ ბებია წყვილწყვილად თვლიდა ჩურჩხელებს . ორი რომ მომეჭრა ვერ შენიშნავდა და პრობლემა გადაწყვეტილი იქნებოდა. (იცინის).  ეს ჩემი იოლი გამოგონება გახლდათ, რომელიც კუჭს ემსახურებოდა. მეორე გამოგონება უფრო საინტერესო იყო სოფლის მეურნეობის ხაზით. ჩვენს ვენახს ჩამოუდიოდა დიდი, ორ მეტრამდე  სიგანის მდინარე. ეს იყო ვენახის მორწყვის ერთადერთი საშუალება. სულ რიგი იყო, ვის უნდა მოერწყა. ბებია ქვრივი იყო და სულ იბრიყვებდნენ. მე ეს პრობლემა უბრალოდ გადავწვიტე. ვიპოვე მილი, გავთხარე მდინარის ფსკერი, გავიყვანე მილი ისე, რომ ბაღში გადავიდა, ზემოდან კი ქვები დავაფარე. არც ჩანდა და არც სილით იფარებოდა. წყალი მუდმივად მიედინებოდა ჩვენს ვენახში. თითქმის შუა ვენახში ამოდიოდა  ბუნებრივი გეიზერი(იცინის).  ყველას უკვირდა, მამისაშვილების ვენახში საიდან გაჩნდა წყალი. მაშინ ასე, 5 წლის ვიქნებოდი. დღესაც არავინ იცის, რომ ეს მე გავაკეთე.  ჩვენს ვენახს გვალვა არ აწუხებდა. ჩემი  გამოგონება დაუსჯელი დარჩა.(იღიმება) დღემდე ის საიდუმლოდ რჩება. ის მდინარე დაშრა. აღარ მოდის და მემგონი ის მილი ისევ იქ არის დარჩენილი. ოდესღაც, გეოლოგები რომ გათხრიან, საინტერესო „ჰიპოთეზას“ წამოაყენებენ. (იცინის)

– ამის მერე იყო უფრო სერიოზული გამოგონებები.

მე თანადათანობით ვიზრდებოდი  და უფრო სერიოზულ გამოგონებებზე გადავდიოდი.
„ ნორჩი ტექნიკოსი“ , იყო ასეთი სადგური თბილისში იქ ვსწავლობდი ელექტრობას. 11040165_940135889353925_929806589_nერთი იყო მუშტაიდში,  მეორე ნახალოვკაში. მე, როგორც წარმატებული მოწაფე, იქაც მიმამაგრეს. იმხანად, ბელეტაჟს რომ ეძახიან, ასე, ერთ ნახევარსართულიან ბინაში ვცხოვრობდით საკმაოდ გაჭირვებულნი და ღარიბნი. გვქონდა სარდაფი, სადაც გაფუჭებული ონკანი იყო და წყალი დიდი წნევით მოდიოდა. მომივიდა აზრი, იქ  აკუმულატორი დამემონტაჟებინა, რომლიც იტრიალებდა და დენს მივიღებდი. ჩვეულებრივ ნათურას ძირს მოვახერხავდი, გავტეხავდი და შიგ პაწია ნათურას ვდებდი. ჩვენს ეზოში დენი არავის ქონდა, ჩვენ კი გვქონდა. ასე რომ 6 წლის ასაკში, მე უკვე  საკუთარი ელექრტოძრავა მქონდა შექმნილი. 41 წელს, ომი რომ დაიწყო უკვე 11 წლის გახლდით. ერთ საღამოს ბებიას ფარდა დარჩა ცოტა გადაწეული და გარეთ გავიდა სინათლე. ეს მაშინ ნიშნავდა იმას, რომ  ამ სახლში იყო “შპიონი”, რომლსაც უნდოდა გერმანელებისთვის ნიშანი მიეცა და თბილისი დაებომბათ. ცხადია მალე მილიციელი დაგვადგა თავზე, ერთი ბაყბაყდევივით კაცი. ბებია ძალიან პატარა, გამხდარი ქალი იყო. “შპიონს” აშკარად არ გავდა . მილიციელმა ბევრი იჩხუბა, დაგვემუქრა კიდეც, გამოწერა უზარმაზარი ჯარიმა და ის იყო უნდა წასულიყო, რომ დააფიქსირა, ლამპა არსად არ ენთო. ამაზე სულ გადაირია, გამოტყდით ვინ გამარაგებთ დენითო და ბოლოს ბებიამ უთხრა, არავინ არ გვამარაგებს, ეს ჩემი შვილიშვილის გამოგონებააო, პატარა ელექტროსადგური გვაქვს სარდაფშიო. გაოგნებული მილიციელი ჩავიდა ქვევით და  ყველაფერი ნახა, მერე ხელში ამიტაცა, მაკოცა გახარებულმა. ბებიას უთხრა, ესო ძალიან დიდი კაცი გამოვა და გაუფრთხილდიო. ესეც არ იკმარა და ჩემი გამოგონების შესახებ მილიციის გაზეთში წერილი დააბეჭდინა. ასე რომ, ჩემი პირველი ინჟინრული აღიარება მილიციის გაზეთში მოხდა. ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა და თუ რატომ, ამას პატარა „დრამატული“ ისტორია უსწრებს წინ. სკოლაში როდესაც მივედი, ეს იყო 1937 წელი, იქ მაშინ კედლის გაზეთი გამოდიოდა. ზამთარში, საახალწლოდ, ნაძვისხეზე უნდა დაგვეწერა ლექსი, მე ბავშვობიდან მუსიკასთან ერთად ლექსებსაც ვწერდი და დიდის ამბით „გამოვაქვეყნე“ ჩემი ლექსი:
„თოვლი მოვიდა
ცივა და ცივა,
დედამიწა კი ოხრავს და გმინავს“
მოკლედ დაიბარეს ჩემი მშობლები და უთხრეს, ეგ “დედამიწა ოხრავს და გმინავს” ბურჟუაზიულ სახელმწიფოებშიო, საბჭოთა კავშირში ვის გაუგია მსგავსი რამო. მაშინ საშინლად დამტუქსეს, შემარცხვინეს და „შემაგონეს“, რომ დედამიწას, თოვლია თუ წვიმა, ყოველთვის უხარია. და ამ ამბის მერე, მილიციის გაზეთში ჩემი აღიარება იყო ბედნიერი მოვლენა, ანუ „რეაბილიტაცია“.

– სტრესი რომელმაც  ცხოვრებისეული ცუდი ეპიზოდების გადატანა გასწავლათ…

1940 წლისათვის გამოაცხადეს კონკურსი ნორჩი კომპოზიტორებისთვის.11072499_940137509353763_712263981_n მოცემული იყო ლერმონტოვის სამი ლექსი და უნდა დაწერილიყო  მუსიკა. გამარჯვებულს აძლევდნენ გორკის  ქუჩაზე ბინას, (დიდ ბინას მთელი ოჯახისთვის,) კიდევ ფულად პრემიას და იღებდნენ ნიჭიერთა ათწლედში. ამ დროს მე მხოლოდ ათი წლის ვიყავი. პირველი ტური წარმატებით გავიარე, გავიარე მეორე ტურიც  და მამა ჩამოდის საგარეჯოში (იმ ზაფხულს მე ოლია ბებოსთან ვისვენებდი) და გახარებული, მეუბნება: კონკურსში გაიმარჯვე, მოსკოვში უნდა წავიდეთ მესამე ტურზეო. მთელ ჩვენ სამეზობლოს გაუხარდა. ზეიმობენ, მზადდება კარგი პურმარილი. ბიძაჩემი კი არ ჩანს. ბნელდება, ლამფა აანთეს, სუფრა გაშლილია და ყველა მას ელოდება. მის გარეშე მამას არ უნდა წვეულება დაიწყოს და მახსოვს, ბრგე ვაჟკაცი კაცი იყო ბიძაჩემი, ნიკო ძია, შემოდის ფერმკთალი და მამას ეუბნება:“ ლეო ჩართე რადიო, ომი დაიწყო!“. მამაჩემი პროვოკაციააო ამბობს, არ ჯერა, ჩავრთეთ რადიო და აი, ჩემს ამ გამარჯვებას თან ახლდა ასეთი საოცარი კონტრასტი. რათქმა უნდა ომის ის დრამა მაშინ არ მესმოდა, მაგრამ ეს დიდი სტრესი იყო იმ დროს, როდესაც მე გავიმარჯვე. არ შეიძლებოდა ამას ჩემზე გავლენა არ ჰქონოდა. ამ სტრესმა მე მასწავლა ცუდი ეპიზოდების გადატანა . მივიღე თავისებური გაკაჟების სკოლა და აი ამ სკოლას როდესაც წარმოვიდგენ ხოლმე, თან ვფიქრობ, რაგინდ უცნაურად არ უნდა ჟღერდეს: მე რომ გამემარჯვა, იქ წავსულიყავი და ჩემი გამარჯვების რეალიზაცია მომხდარიყო, მე ბევრს დავკარგავდი. მოვწყდებოდი ჩემს მიწას. სტრესმა, ცხოვრებისეულმა  ასეთმა ეპიზოდებმა  ჩემი ხასითის აკინძვაზე ძალიან იმოქმედეს.

– ის რამაც  ასევე მნიშვნელოვნად იმოქმედა თქვენს ჩამოყალიბებაზე

ასევე მნიშვნელოვნად იმოქმედა ჩემს ჩამოყალიბებაზე კიდევ ერთმა ფაქტორმა: მამას ქონდა თავისებური იდეალური სკოლა.  ის ყოველ საღამოს მიკითხავდა ცნობილ მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებებს. ჩვენთან სტუმრობდნენ  მამას მეგობრები: გოგლა ლეონიძე,  გერონტი ქიქოძე, ცნობილი  მხატვრები  და ბევრი სხვა გამოჩენილი ადამიანი. მამა ეკონომისტი იყო, მაგრამ ფილოსოფიასა და ლიტერატურაში კარგად ერკვეოდა.  ერთ ადამიანზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც არასდროს არ დამავიწყდება . მამას ყავდა ერთი მეგობარი – ვასილ ყიფიანი,  რომელიც გარეგნობით იყო  ულამაზესი ადამიანი.10866993_940138176020363_462748908_n პროფესიით  ბუღალტერი, მოანგარიშე გახლდათ . თუმცა ხელოვნებაში ძალიან განათლებული და ნიჭიერი ადამიანი იყო. მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი და ჩემი მეგობრები ხშირად მოდიოდნენ  სხვადასხვა მუსიკალური საკრავებით. მას შეეძლო ყველა საკრავზე დაეკრა. გასაოცარი ნიჭის ადამიანი იყო. ინგლისური არ იცოდა და ისე დაგელაპარაკებოდა, თითქოს ამ ენის უბადლო მცოდნე იყო. თავისი აქცენტით, თუმცა გამაოგნებელი სიტყვებით(იღიმება). რატომ ვყვები ამ კაცზე?! სულ ჩვენთან იყო.  ომი რომ დაიწყო, მამა ჯარში წაიყვანეს  და ეს ვასიკოც გაქრა. ხანდახან გული მწყდებოდა  ხოლმე, ასეთი მეგობარი იყო და მამა რომ არ არის, როგორ დაიკარგა თქო.  ძალიან გაგვიჭირდა და გადავწყვიტეთ სოფელში გადავსულიყავით  საცხოვრებლად.  მაგრამ იქ წასვლასაც ფული სჭირდებოდა.  ვაზისთვის რომ მოგევლო. რაღაც გაგვეკეთებინა . ერთ მშვენიერ დღეს მამაჩემის მეგობარი ვასიკო  გამოჩნდა.  დიდი ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა: მე ვალი მქონდა ლეოსი, ვერ მოვუყარე თავი აქამდე . ეხლა მოვახერხე და ამ თანხას გიბრუნებთო . ( ლეო მამა გახლდათ ჩემი ) და დიდი ფული მოგვიტანა. ძალიან გაგვიხარდა. დედაჩემს ვუთხარი ეს რა კაცი ყოფილა მეთქი.  იმ ფულმა გადაგვარჩინა. მერე, როდესაც მამა ჩამოვიდა და ვუამბეთ, გაოცდა, არავითარი ვალი არ ქონიაო. ეს მან გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ უხერხულად არ გვეგრძნო თავი.  მან თავისი ფული მოგვცა ჩვენ. ჩემთვის ეს ცხოვრების ძალიან დიდი სიკეთის გაკვეთილი იყო . ბევრ პედაგოგს არ შეუძლია, ასეთი  გაკვეთილი მოგცეს. ეს ეპიზოდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და სულ მახსოვს.

– სოფელში გაგიგრძელდათ ცხოვრება. როგორი იყო  ქალაქელი ბიჭისთვის იქაური ყოფა? რა მოგცათ სოფელში ცხოვრებამ ისეთი, რაც შემდგომ ცხოვრებაში გამოგადგათ?

მიუხედავად ჩემი ვუნდერკინდობისა მუსიკაში,  როდესაც სოფელში მოვხვდი, ჩემმა ვუნდერკინდობამ კოლმეურნეობაში იპოვა თავისი საძიებელი. სოფელი – ეს არ არის უბრალოდ სოფელი. ეს არის კაცობის სკოლა. ეს  სკოლა- იყო ბუნების შვილი, მე სოფელში გავიარე. . სოფელი საკმაოდ დიდი, შრომატევადი ცხოვრებაა. ავიღოთ თუნდაც დილა. იქ ძალიანაც რომ გინდოდეს, არავინ არ დაგაძინებს. შემოგივარდება ან მამალი, ან გოჭი, გადმოგათრევენ, მათ სულ არ ენაღვლებათ, შენ რას წერდი ღამე.  ეს არცერთმა ინდაურმა არ იცის.( იღიმება) თუ ისინი  არ გიყვარს, იქ ვერ გაჩერდები. მქონდა ბედნიერება, მეცხოვრა მწყემსებთან. ეს სულ სხვა ცხოვრებაა. იქ ისეთი ეპიზოდებია, შეიძლება ნოველები დაიწეროს. ღვარცოფი რომ მოდის,  ბატკნისთვის, რომელსაც  თბილისში მხოლოდ სამწვადედ თუ აღიქვამ, იქ, ღვარცოფში  ხტები, რომ გადაარჩინო.  იქ ის ბატკანი არ არის. ის არის ცოცხალი არსება, რომელიც უნდა სიკვდილისგან იხსნა. ეს შეგრძნება მხოლოდ სოფელში ჩნდება.

– პირველი მასწავლებლები,  რომლებიც გასწავლიდნენ არა მარტო საგანს, არამედ ცხოვრებისეულ სიბრძნეებსაც  გაზიარებდნენ…

მივადექით ძალიან საინტერესო თემას. მე საოცრად მწყალობდა ბედი მასწავლებლებში, ვისაც ჩემს ცნობიერებაზე,  შემოქმედებაზე, აზროვნებაზე უნდა მოეხდინათ გავლენა. ყველა ისინი წარმოადგენდნენ გასაოცარ ადამიანებს. მე მათ არასოდეს დავივიწყებ.11072114_940138622686985_1371775742_n
პირველ კლასში როდესაც მივედი,  სწორედ იმ ავადსახსენებელ  37 წელში, კლასის დამრიგებელი მყავდა  თამარა პაპავა, გასაოცარი ქალი, რომელმაც მერე, დიდი დრო რომ გავიდა, მომწერა წერილი. წერილში ეწერა: “მე შენი ბავშვობის სურათი მაქვს შენახული. მე რომ წავალ ამ ქვეყნიდან, ამ სურათს გადააგდებენ. მე არ შემიძლია ამის წარმოდგენა. მოდი  და წაიღე ეს სურათი”. მე მივედი მასთან. რაზეც გული ძალიან მეტკინა, რომ  ის ამდენ ხანს არ მენახა, მას კი ვახსოვდი და ასე ვუყვარდი; მეორე – მისი გაოცება, რადგან ჩემი სკოლელებიდან არავინ არ მივიდა ჩემს გარდა, და მესამე– მადლიერების გრძნობა, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები. ეს არის მასწავლებლის და მოსწავლის სიყვარული, რომელსაც არაფერი სხვა არ შეცვლის.  ჩემს შემდეგ რამდენი მოწაფე ყავდა,  მე კი სულ ვახსოვდი. ეს ბედნიერებაა…

– ნინო ჩუბინაშვილი. სიბრძნე სიცრუისა.

მეორე პედაგოგი გახლდათ  უნიჭიერესი ადამიანი- ნინო ჩუბინაშვილი, ის გიორგი ჩუბინაშვილის მეუღლე გახლდათ.   მან უცხოეთში დაამთავრა კონსერვატორია, მისი პედაგოგი კი თვით ფერენც ლისტის შთამომავალი იყო.  აქ რომ ჩამოვიდა, დიპლომი  არ ქონდა წესრიგში, ამიტომ მას , მხოლოდ მუსიკალური სკოლის მასწავლელად მუშაობის უფლება მისცეს. მისი გაკვეთილები ისეთი საინტერესო იყო, რომ  ჩემმა მეხსიერებამ დღემდე შემოინახა ზოგი რამ,  იმ  დროს რომ  არ მესმოდა  და ცოდნის კოდირებული მოდულებივით დღემდე დროდადრო იხსნებიან. ერთ ეპიზოდს მოვყვები: ერთხელ, ცნობილი პიანისტი, გოლდენვეიზერი ჩამოვიდა და ძალიან ჩუმად უკრავდა.  რამაც აღმაფრთოვანა. როდესაც კონცერტზე გამოვედი მეც მას მივბაძე და ერთი ადგილი ძალიან ჩუმად დავუკარი. იმდენად ჩუმად, რომ შემეშინდა და გავიმეორე. მოვიდა ქნ-ი  ნინო და მითხრა: ძალიან კარგად დაუკარი, მაგრამ ის ადგილი რატომ გაიმეორეო. ვუპასუხე: ჩუმად დავუკარი  და ვაითუ მსმენელმა ვერ გაიგო მეთქი,  ვინერვიულე.11023002_940139216020259_1926472537_n  რაზეც მან მიპასუხა: შენ გაიგე?– დიახ, ვუთხარი.  მაშინ მსმენელმაც გაიგოო.  როდესაც ვუკრავ, მე არამარტო ვუკრავ, იმ დაკრულის აზრსაც გადმოვცემ და ისიც განიცდის სამყაროში ხმოვანებას. ჩვენს მუსიკალურ სკოლაში კონცერტის წინ ყველა მასწავლებელი რეპეტიციებს გადიოდა მოწაფეებთან. ჩვენ კი, როგორც წესი, რეპეტიციის გარეშე, პირდაპირ  გავდიოდით კონცერტზე. დედაჩემმა კითხა, ჩვენ რატომ არ ვრეპეტიციობდით– იფიქრა, ხომ არ მიჩაგრავენ შვილსო (იღიმება) ამაზე ქნ-მა ნინომ  უპასუხა. ნოდარი რომ დაელაპარაკება როიალს, ის როგორც უპასუხებს, ისე უნდა დაუკრასო. წინასწარ ნუ დაიხარჯებაო. ესეც   კარგი  გაკვეთილი იყო, რომელიც მერე ცხოვრებაში გამომადგა.  ხშირად ადამიანებმა ძალიან იციან ხოლმე საკუთარი განცდის გადმოცემა. ის  ამას გვიკრძალავდა ამას. ამბობდა თქვენ განცდას როიალს პარავთ, ბგერებთან ისაუბრეთ და უსმინეთ დარბაზსო. ის გვაცნობდა  მხატვრობას.  გერმანიიდან ჩამოტანილი ქონდა ლიტერატურა. ძალიან ბევრი რამ მასთან მქონდა ნანახი, და კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, რომელსაც მერე მე ვიყენებდი ჩემს პედაგოგიკაში.ზოგჯერ ნაწარმოებს თვითონ დამიკრავდა ხოლმე განსხვავებული ინტერპრეტაციით. მაშინ არ იყო ჩანაწერები.  ეხლა მე ვაკეთებ  იგივეს  ჩანაწერების მეშვეობით. მაგალითად, როგორ უკრავდა  სკრიაბინს საფრანიცკი, რომელსაც ძალიან უყვარს სკრიაბინი და როგორ უკრავს საფრანიცკი შოპენს  ასე კარგად?  მან შოპენში სკრიაბინი იპოვა.10913525_940139752686872_1605839775_n
მე არ ვიცოდი  პიანისტობას  გავყვებოდი თუ არა, რადგან სკოლაში ერთს უნდოდა ლიტერატორი ვყოფილიყავი.  მეორეს ფიზიკოსი. მესამეს სხვა და ა.შ.  სოფელში ყოფნის და მუშაობის გამო ხელები ისეთ ფორმაში აღარ მქონდა. ბევრი გავაცდინე და პიანისტობაზე აღარც კი ვოცნებობდი. მაღალი ნიშანი აღარ მეკუთვნოდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით წასვლას  ვეღარ ვახერხებდი.  ქალბატონმა ნინომ ფიქტიური ნიშანი დამიწერა. მოდი და ნუ მოგეწონება სიბრძნე სიცრუისა. მე მაშინ მისმა ტყუილმა გადამარჩინა.(იღიმება) მე მან მუსიკოსობის მომავლის შანსი მომცა და  ერთ დღეს, როდესაც მე უკვე მოვინდომე ტექნიკუმში ჩამებარებინა, დედაჩემმა მიმიყვანა ქნ. ნინოსთან.  მას ძალიან გაუხარდა. სწორედ იმ დროს უკრავდა ერთი ბავშვი, რომელსაც ძალიან უყვარდა მუსიკა.  ბევრს მეცადინეობდა, მაგრამ მუსიკას არ უყვარდა ის.  ეგრეც ხდება ხოლმე. (იცინის) ჰოდა ქალბატონმა ნინომ მითხრა. ნეტა შენც ასე უკრავდეო. მე უნდა ჩავაბარო მეთქი, ვუთხარი. გაუკვირდა-როგორ უნდა ჩააბაროო?!. მე  მას ვუჩვენე პროგრამა და ვთხოვე ერთი კვირის შემდეგ ჩემთვის მოესმინა. იმდენს ვუკრავდი, იმდენ ხანს ვვარჯიშობდი, რომ ზოგჯერ მეცადინეობისაგან თავბრუ მეხვეოდა და ზედმეტი გადაძაბვისგან იატაკზე ვეცემოდი, მაგრამ  მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი –მე უნდა ჩამებარებინა . ეს იმ სტრესის შედეგი იყო, როცა 1941 წლის ომმა  ჩემი იმდროინდელი ოცნება შთანთქა. ეხლა ვიცოდი, რომ ჩემი რევანშის დრო დადგა. როდესაც მისაღებ გამოცდაზე გავედი, ყველამ ხუთი დამიწერა,  ქნ-მა ნინომ კი- ოთხი. როდესაც  უთხრეს,  ოთხს რატომ უწერო, მან უპასუხა:  უნდა იცოდეს, რომ ხუთიანი ადვილად არ მოიპოვებაო. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს და არ მწყინდა, იმიტომ, რომ ის მართალი იყო. ამ შრომის შედეგად მოვხვდი მუსიკალურ ტექნიკუმში.  იქ ჩემი პედაგოგი აღმოჩნდა  ქალბატონი  ქსენია ჯიქია, რომელმაც ნახა, რომ ბევრი შემეძლო და დასაკრავად ისეთი ნაწარმოები მომცა, რასაც ჩემი თითქოს გაუხეშებული თითები ვერ დაძლევდნენ. ეს უკვე მისი ექსპერიმენტი იყო და მე აქაც გამარჯვებული გამოვედი. მისი წყალობით, გავეცანი ორ გიგანტს, ნეიჰაუსსა და რიხტერს. ეს ჩემი ცხოვრების ბედნიერება  იყო. მაგრამ არასდროს დამავიწყდება გაკვეთილი ნეიჰაუსთან . მაშინ მე რახმანინოვის „პოლიშინელს“ ვასრულებდი.  ეს იყო ნაწარმოები ჯამბაზის შესახებ, რომელსაც თოკზე უნდა გაევლო. როდესაც  დავუკარი მან მითხრა: კარგია, მაგრამ ეს შენი ჯამბაზი ყოველ წუთას შეიძლება ჩამოვარდესო. შენ კი არ უნდა დაუკრა, თოკზე უნდა გაიარო მასთან ერთადო.  დაჯდა და დაუკრა. მეც დავჯექი და დავუკარი. სიჩუმე… ვიფიქრე ცუდად დავუკარი მეთქი.  მან კი მითხრა: არასდროს ასე ზუსტად არ მომბაძო, ეს ჩემი ჯამბაზი იყო და  მე გავიარე, ეხლა შენ გაიარე სხვანაირად და საერთოდ ასეთი მიბაძვით, საკუთარ თავს ვერ იპოვიო.  ამ გენიალურ დარიგებას მე დღემდე ჭეშმარიტად ვასრულებ.

– ორჯერ ერთნაირად ვერ დაუკრავ

შესანიშნავი გაკვეთილი იყო რიხტერთან ურთიერთობა. მე მანქანა მყავდა. მოხდა ისე, რომ ის კოჯრის გავლით წყნეთში წავიყვანე , რომ ჩამოვედით, მან მთხოვა, ისევ წამიყვანე იქო. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, გაკვირვებულმა შევხედე. მან მითხრა: მეორედ რომ წახვალ იმ წრეზე, ის სხვანაირი იქნებაო. მუსიკაშიც ასეა: ორჯერ ერთნაირად ვერ დაუკარვო. ასეთნი იყვნენ პედაგოგები,  რომლებაც იქონიეს ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა და ჩემი ცხოვრების სარბიელზე მათი წრეც ფართოვდებოდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ჩემი პედაგოგი კომპოზიციაში ანდრია ბალანჩივაძე, და ეს უკვე ცალკე თემაა…

ირმა მირზაშვილი

11051207_940140376020143_1601322353_n

11056744_940140449353469_1086450754_n

11063147_940140522686795_647800706_n

10359909_940144056019775_5967130284026137016_n

10996229_940144366019744_4664099005727762142_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები