„გავცეთ მხოლოდ კარგი და მივიღოთ მხოლოდ კარგი…“

„პროფესიით ბიოლოგი ვარ. ვერ ვიტყვი, არჩევანში შევცდი -მეთქი, რადგან ბუნებაზე უზომოდ ვარ შეყვარებული. ძალიან მეცოდებიან ჩემს აივანზე ქოთნებში ჩამწყვდეული ყვავილები, მაგრამ მათ გარეშე ცხოვრება ძალიან მიჭირს. ხშირად ვყიდულობ ბოლქვებს ან თესლს, რომ მათში სიცოხლის გაღვიძებას ვადევნო თვალი. ყოველი ახალი ყვავილის დაბადება უსაზღვროდ მაბედნიერებს. თუმცა ამ ყველაფრის მიღმა, ძალიან ვიყავი დაინტერესებული ჰუმანიტარული საგნებით და პროფესიაც შესაბამისი მინდოდა მქონოდა, მაგრამ…“  – მელი თურმანიძე.

– როდის დაიწყეთ წერა და რა შეცვალა მან თქვენს ცხოვრებაში?10440775_823859670996420_7123931336389272401_n
– სკოლის ასაკშიც ვწერდი. პერიოდულად  ჩემი ლექსები რაიონულ გაზეთში იბეჭდებოდა. მერე ძალიან დიდხანს მივატოვე წერა. მიზეზი ალბათ ბევრი იყო, თუმცა, ვფიქრობ, ყველაზე მეტად იმ პერიოდში განვლილი ცხოვრების რიტმი უნდა ყოფილიყო ჩემი დუმილის მთავარი მიზეზი.
პოეზიამ რა შეცვალა ჩემს ცხოვრებაში? პირიქით, ჩემს ცხოვრებაში არსებულმა ცვლილებებმა გააღვიძა ისევ წერის სურვილი. პირველივე სტრიქონზე ვიგრძენი შვება, როგორც კი შევძელი პოეზიის სახით, ჩემი ემოციების სხვებისთვის გაზიარება, სასიამოვნო სიმშვიდის შეგრძნებით ავივსე. თუმცა არ მაქვს იმის ამბიცია, რომ რაიმე მნიშვნელოვანს ვწერ.
– კრებული
– 2014 წელს გამოიცა ჩემი პირველი კრებული „მაისიდან მაისამდე“. ამ წიგნის არსებობაში განსაკუთრებული წვლილი მიუძვით ჩემს უახლოეს მეგობრებს, რომლებიც, ვფიქრობ, იმსახურებენ მადლობას. ჩემს პირველ ლექსებს სოციალური ქსელის საშუალებით, პირად მიმოწერაში ვაკითხებდი მათ, რომელთა დაჟინებული თხოვნითაც გადავწყვიტე გასაჯაროება. მათივე თხოვნა იყო წიგნის გამოცემაზე ფიქრი, რაშიც უდიდესი დახმარება შოთა ქისტაურმა (იგივე მიხო მელხი) გამიწია. უანგაროდ გაუწია რედაქტორობა ჩემს კრებულს და გამომცემლობასთანაც თავად მოაგვარა ყველაფერი. წიგნი თბილისში დაიბეჭდა და ჩემთვის ცოტა რთული იყო მილანიდან ამ საქმეების მოგვარება. კიდევ ერთხელ ვსარგებლობ მომენტით და უღრმეს მადლობას ვუხდი შოთა ქისტაურს.
– თქვენი მკითხველი და პოეზიის საღამოები
– ძირითადად, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე მიცნობენ. სწორედ აქ იხილეს ჩემი პირველი ლექსები, უსაზღვრო სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ მათგან.
პოეზიის საღამოები მქონდა აგვისტოში ბათუმსა და თბილისში. ბათუმი ჩემი ქალაქია, ხაზგასმით ემოციურად ვიხსენებ ჩემი უსაყვარლესი ლექტორის, ქალბატონი მანანა სურგულაძის ორგანიზებულ საღამოს. ვერცერთი ლექსი ვერ წავიკითხე უცრემლოდ, მსმენელი ჩემთან ერთად იცრემლებოდა. უსაზღვრო სითბო და სიყვარული გამომაყოლეს ჩემი ქალაქიდან.11023890_823859674329753_3038127739217641402_n
თბილისში საღამოს ორგანიზება  ბატონმა მიხეილ ღანიშაშვილმა გაუკეთა. აგვისტოს გაგანია სიცხეში ძალიან ბევრი ძვირფასი ადამიანი დაესწრო ჩემს საღამოს. მიმიღეს, მომეფერნენ, მომცეს ძალიან ბევრი სასარგებლო რჩევა. ამ ორმა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულმა პოეზიის საღამომ ძალიან ბევრი შემძინა.
– განსხვავდება თუ არა თქვენი ცხოვრების რიტმი პოეზიის რიტმისგან?
– კი, ძალიან განსხვავდება. საკმაოდ მძიმე და დამღლელი ცხოვრებით ვცხოვრობ, პოეზია ჩემი თავშესაფარია…
– როდის წახვედით ემიგრაციაში და რატომ?
– აჭარაში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დავტოვეთ საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი პოლიტიკური დევნა ჩემს ოჯახზე არ არსებობდა და ეს ჩვენი პირადი გადაწყვეტილება იყო. ძალიან გართულდა ცხოვრება. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. ჩვენი შემოსავალი იმდენად დაეცა, ბინის ქირასაც კი არ ყოფნიდა. ახალ მთავრობას არ დავუტოვებივართ უყურადღებოდ, გვქონდა საკმაოდ რეალური შემოთავაზებაც, მაგრამ იდეის განხორციელებამდე ცხოვრება იყო საჭირო, რაც უშემოსავლობის გამო შეუძლებლად იქცა. მეუღლე მყავს დედით უკრაინელი და გადავწყვიტეთ, იქ გვეცადა ბედი, მაგრამ უკრაინაც რევოლუციის ალში იყო და ჩვენი გადაადგილება უშედეგო აღმოჩნდა. ამიტომ კიდევ უფრო შორს ვცადეთ ბედის ძიება და უკვე 9 წელია მილანში ვცხოვრობთ.
ჩემი ცხოვრება არაფრით განსხვავდება სხვა ნებისმიერი ემიგრანტის ცხოვრებისგან. სადაც ხელი მიმიწვდა, ყველგან მიმუშავია: სომხურ რესტორანში ( სადაც ძალიან მთხოვეს, რომ მათთვის ხაჭაპური გამომეცხო, ისინი კი მენიუში ჩაწერდნენ, სანაცვლოდ თანხაც კი შემომთავაზეს, მაგრამ თანხმობა ვერაფრით მიიღეს. ხაჭაპური ქართულია და მორჩა! ). მქონია შეხება ბერძნულ სამზარეულოსთან, გამიწევია კომპანია მოხუც ბებიაზე… ბოლო 6 წელია დიალიზის გადასხმას ვუკეთებ უთირკმელო ადამიანებს.11043264_823859667663087_8489699045743494891_n
პარალელურად ვმონაწილეობ პატარ-პატარა ლიტერატურულ საღამოებზე. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდო საქართველოზე ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. საშემოდგომოდ იგეგმება ჩემი წიგნის „მაისიდან მაისამდე “ პრეზენტაცია. ძალიან გვინდა ამ საღამოზე მოვახერხოთ ქართული ტრადიციული ტანისამოსისა და ქართული ტრადიციული კერძების პრეზენტაცია. მილანელი ხელოვანის ანტონელა პროტა ჯიურლეოს ხელმძღვანელობით ვგეგმავთ 8 მხატვარის გამოფენას, სადაც 4 იტალიელი იქნება და 4 ქართველი. რამდენადაც ყველაფერი ავტოდაფინანსებით ხდება, ცოტა გვირთულდება ნახატების შეძენა. მათი გადაგზავნაც საკმაოდ რთულია, ამიტომ ვეძებთ ქართველ ავტორებს, რომლებიც საჩუქრად მოგვცემენ მათი შემოქმედებიდან ორ ნაშრომს.
ვმუშაობ თარგმანზეც, ჩემი დიდი სურვილია, რაც შეიძლება ბევრი ქართული წიგნი გამოიცეს იტალიურ ენაზე.
– საქართელო და ემიგრაცია
– საქართველო და ემიგრაცია… ძალიან რთული კითხვაა. ტკივილია ერთიც და მეორეც. ქართველს არ შეუძლია საქართველოს გარეთ, თუმცა ძალიან ხშირად სხვა გზა არ რჩება…. აქ, სხვისი ცის ქვეშ საქართველო ჩვენი ტკივილია, ჩვენი ცრემლია, ოცნებაა! ხშირად მსმენია, ემიგრანტებს დეზერტირებს გვეძახიან, გვეუბნებიან, რომ ჩვენ ის მივატოვეთ, როცა ძალიან უჭირდა და მსუყე ლუკმისა და თბილი სამოსის საძიებლად წავედით. მე კი მინდა, ხმამაღლა, ყველას გასაგონად ვთქვა: – არცერთი ემიგრანტი არაა დეზერტირი, არავის მიუტოვებია სამშობლო, არავინ გადახვეწილა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ყოველი ჩვენგანი საქართველოში, მინიმუმ ერთი ოჯახის საყრდენია. ქვეყნის მშენებლობა პარლამენტიდან არ ხდება, ქვეყანას ძირიდან, საძირკვლიდან სჭირდება შენება, საძირკველი კი ჩვენი ოჯახებია, ჩვენი ეზო – კარია. ყოველი დაპურებული მოხუცი, ყოველი ნიჭიერი ბავშვი სწავლის შესაძლებლობებით ქვეყნის სიძლიერეა. ჩვენ კი ჩვენი დაკოჟრილი სულით და ცრემლიანი თვალებით მოპოვებულ ყოველ გროშს ამაში ვხარჯავთ, უდიდესი წვლილი შეგვაქვს ერის მშენებლობაში. მე პირადად მადლობას ვუხდი ემიგრანტებს ამ გმირობის ტოლფასი ნაბიჯებისთვის და ვუსურვებ ჯანსაღ, ფეხზე დამდგარ საქართველოში დაბრუნებას.
– ადამიანები თქვენს ცხოვრებაში11051911_823859680996419_4200521682051462975_n
– საყვარელი ადამიანების გარეშე სიცოცხლის სტიმული ალბათ გამიქრებოდა. ბუნებით ძალიან მელანქოლიკი და საკმაოდ პესიმისტი ვარ. ბევრჯერ ვყოფილვარ უკიდურეს მდგომარეობაში, მაგრამ თავი დამიღწევია ყველაზე კრიტიკული სიტუაციიდანაც. ეს კი არა ჩემი, არამედ იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ჩემს ირგვლივ არიან. ადამიანები, რომლებსაც ვჭირდები, გამუდმებით ცვლიან ჩემს ცხოვრებას, ხან მილამაზებენ, ხან კიდევ ტკივილით მივსებენ, თუმცა ბედნიერებისა და ბრძოლისათვის ჩემი პატარა ოჯახი მეუღლით და ორი შვილით, ვგონებ, საკმარისია…
– ყველაზე რთული
– ცხოვრებაში ბევრნაირი სირთულე არსებობს, ისინი პოზიციას სიტუაციის და მდგომარეობის შესაბამისად იცვლიან. ამ მომენტში ყველაზე რთული ყოველ დილით გაღვიძებაა, იმაზე ფიქრით, რომ კარს მიღმა საქართველო არ მელოდება, რომ ყოველ დილით უცხო ქალაქს ვეფერები. ამ დროს კი ძალიან მინდა ჩემი ქალაქის ნისლისფერ დილას ვხედავდე…
– ის, რაც გინდათ უთხრათ ქართველებს
– მეტი სიყვარული, მეტი ურთიერთნდობა, მეტი შრომა, ნაკლები ამპარტავნობა (ის დამღუპველია) …. გიყვარდეთ საქართველო, რადგან ის ჩვენთვის განუმეორებელია, მაგრამ შევიგნოთ, რომ  იდეალურები არ ვართდა ძალიან ბევრი რამის სწავლა გვჭირდება სხვებისგან. 

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები