წყალტუბო-ფარცხანაყანების გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტრო წყალტუბო-ფარცხანაყანების გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმერეთში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალტუბო-ფარცხანაყანების საავტომობილო გზის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე გაეცნენ.
“ამ ეპატზე ადგილზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აღდგება გზის საფარი. ასევე დაგეგმილია არსებული არხების გაწმენდა, კიუვეტების, გაბიონების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების, ტროტუარების, ავტობუსის გაჩერებების, ავტოპავილიონებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. აღნიშნული მონაკვეთი გზის გასწვრივ მდებარე 2 სოფელს, თერნალსა და მაღლაკს, წყალტუბოს გარდა, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქთან და რეგიონთან დააკავშირებს. სამუშაოებზე 80-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 225 ათას ლარს შეადგენს”, – აცხადებენ სამინისტროში.