„მეცნიერება და უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცე ჩემი ცხოვრებაა…“

„მაქვს 11 -წლიანი უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობის პედაგოგიური გამოცდილება. ვმუშაობდი სახელმწიფო და საჯარო სტრუქტურებში. ვარ თურქეთის სახელმწიფოს სტიპენდიის მფლობელი. შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მეშვეობით ახალგაზრდა მეცნიერთა პრეზიდენტის გრანტის მფლობელი, რომლის ფარგლებში ჩავატარეთ კვლევა, გამოვეცით ნაშრომი და, გარკვეულწილად, ვთქვით სათქმელი დღევანდელ პირობებში.“ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი რატი აბულაძე.

– როგორ აირჩიეთ პროფესია?
– ეკონომისტის პრობლემა ქვეყანაში ყოველთვის არსებობდა. გარდა ამისა, ეს იყო ცვლილებების პერიოდი, 90-იანი წლების დასაწყისი, როცა ყოველდღიურად გვესმოდა ეკონომიკური გამოწვევები, სოციალური კეთილდღეობის მოგვარება, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ მოგვეგვარებინა ეს პრობლემები. შეიძლება ითქვას, რომ ამ ფაქტორმა განაპირობა კომერციისა და ეკონომიკის ფაკულტეტის არჩევა და 1996 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე.
ჩემთვის სტიმულის და ემოციების აღმძვრელი იყო, როდესაც შესაძლებლობა მომეცა, გარკვეული წვლილი შემეტანა ამ სფეროს განვითარებაში. მით უმეტეს, რომ ამის დიდი სურვილიც და მიზნებიც მქონდა.
– თუმცა ალბათ, იყო გარკვეული პრობლემებიც და გამოწვევებიც?
– ჩვენი ყოველდღიური გარემო, მიზნისკენ სწრაფვა ყოველთვის პრობლემებთან არის დაკავშირებული. მე დიდი სურვილი მქონდა, სამეცნიერო მიმართულებით წავსულიყავი, სახელმწიფო სტრუქტურებში მემუშავა და ეს შევძელი. ვიმაღლებდი ცოდნaსაც და პრაქტიკასაც. გამოწვევები არის ყველა საფეხურზე, მაგრამ ეს კარგია, იმიტომ, რომ გვაძლიერებს, გარკვეულ ცოდნას გვძენს, გამოცდილებას გვაძლევს, ეს ერთგვარი ცხოვრებაა, რომელშიც ვვითარდებით და აღმოვცენდებით, როგორც სასარგებლო რესურსი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის. პიროვნების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია გამოწვევებიც და წარმატებებიც. მე ვიტყვი, რომ ორივე მქონდა. მქონდა გარკვეული წარუმატებლობებიც, მაგრამ, მთლიანობაში, მიმაჩნია, რომ ტყუილად არ ვცხოვრობ. ვიბრძვი და მინდა გარკვეული წვლილი შევიტანო ამ ქვეყნის მშენებლობაში. ჩემს საქმიანობას აზრი ჰქონდეს. ეს ყველაფერი კი შრომით და რწმენით მიიღწევა. მე ვთვლი, რომ არჩევანში არ შევცდი.
– არაერთი ნაშრომის ავტორი ხართ…
– დიახ, ვცდილობ, მეცნიერებაშიც გარკვეული წვლილი შევიტანო, რაც იმაში გამოიხატება, რომ ვარ დაახლოებით 60-ზე მეტი ნაშრომის ავტორი. მათ შორის ოთხი წიგნის, ორი მონოგრაფიის და ორი სახელმძღვანელოსი, რომელიც სასწავლო დაწესებულებებში შეგვაქვს. ვცდილობთ, სტუდენტები აქტიურად ჩავრთოთ, რაც მათთვის ერთგვარი სტიმულია. სწორედ ამ გზით ვფორმირდებით შესაბამის სამეცნიერო წრედ. ეს არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებსაც გვინდა, თუნდაც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გარკვეული წვლილი შევიტანოთ როგორც მეცნიერებაში, ისე ქვეყნის განვითარებაში.
– მეცნიერება…
– მე ვიტყოდი, რომ ამ არსებული პლატფორმის პირობებზე საუკეთესო მდგომარეობაშია. მეცნიერება პროგრესირებადია, რომელიც არ ჩანს. მართალია არასათანადო სტიმული და ფინანსური მდგომარეობაა, თუმცა სახელმწიფო ნელ-ნელა ცდილობს, დაეხმაროს და, შეძლებისდაგვარად, ბიუჯეტსაც ზრდის. რა თქმა უნდა, თუ მათთვის უფრო მეტი ხელის შეწყობა იქნება, ეს ისევ და ისევ ქვეყანას მოუტანს სარგებელს. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში მესამედზე მეტი არის უმაღლეს საგანმანათლებლო პირთა წრე და მეცნიერთა პროგრესი ძალიან დიდია. ჩვენთან მეცნიერების ხელშეწყობაზე და მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრი ცოტა გვიან დაიწყო. სამწუხაროდ, ზოგიერთ სფეროში კვლევითი-სამეცნიერო დაწესებულებებიც არ გვაქვს. კარგი იქნება, თუ პროფესორ-მასწავლებელებს სათანადო ფინანსური მხარდაჭერა ექნებათ. სამწუხაროდ, არ ხდება მათი პოტენციალის გამოყენებაც. მეცნიერებს შესაბამის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში არ რთავენ, არადა ეს განვითარებისთვის გვჭირდება.
– საქართველოში ყველგან და ყველაფერში საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას ცდილობენ…
– საზღვარგარეთის ქვეყნების მოდელი იქაურ გამოცდილებაზეა მორგებული. ზოგადი თეორიების აქ გადმოტანა, რა თქმა უნდა, კარგია, როცა არაფერი არ გაქვს და ამით რაღაცას შექმნი, მაგრამ თუ გვინდა, შედეგი მივიღოთ, ნებისმიერი რეფორმა რეალურად უნდა ეყრდნობოდეს არსებულ საჭიროებებს. ასე ვაკეთებთ ჩვენ მეცნიერები და მკვლევარები. ჯერ ვიკვლევთ, ვსწავლობთ, როგორც მეორად მონაცემებს, ისე პირველადს, ვსწავლობთ, როგორც სხვა, ისე ჩვენი ქვეყნების გამოცდილებას, შემდეგ ვწერთ და ვაქვეყნებთ.
ჩემი აზრით, არსებულ სიტუაციაში ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული, სხვა სფეროებთან შედარებით, უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცეა. შედარებით უფრო პროგრესირებადია, გარემოა შექმნილი და საკადრო პოტენციალია ისეთი, რომელიც სახელმწიფოს სრულად ჯერ არ გამოუყენებია.
– ამჟამად ოთხ უმაღლეს სასწავლებელში მუშაობთ…
– სახელმწიფო სტრუქტურები ძალიან ახლოს არის ჩემს პერსონასთან. მიყვარს და იქ მუშაობა ჩემთვის ერთგვარი ცხოვრების აზრია. მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც ნდობა გამომიცხადა და მომცეს იქ მუშაობის საშუალება. მაგრამ მეცნიერება და უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცე ეს ჩემი ცხოვრებაა. ჩემთვის სტუდენტებთან ურთიერთობა საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარი თავის რეალიზების და ცოდნის გადაცემის, შემდეგ შედეგის მიღება, მთელი კმაყოფილებაა, ფასეულობაა, რომლის გარეშეც ძალიან გამიჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა-ძიებასაც დიდ დროს ვუთმობ, რთულია სტუდენტებთან ურთიერთობის პროცესს მოვწყდე.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები