“13 მარტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, არ ჩატარდება“

საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის შესახებ ისაუბრა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განმარტა, რიგგარეშე სხდომა შესაძლოა, არც ჩატარდეს. მისივე თქმით, დაგეგმილი სხდომა მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ემოციური ფონის შექმნას ემსახურება.
„დანიშნულია რიგგარეშე სხდომა, რომელიც არა ლარის კურსის გამყარებას, არამედ აჟიოტაჟის და ემოციური ფონის შექმნას ემსახურება. ვფიქრობ, რომ რიგგარეშე სხდომის ჩატარება – არჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ფრაქციებზე. რაც შეეხება მთავრობას, მათ კანონით არ აქვთ ვალდებულება, რომ სხდომას დაესწრონ. ეს რიგგარეშე სხდომა 21 მარტის აქციისთვის ემოციური ფონის შესაქმნელად სჭირდებათ. 13 მარტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, არ ჩატარდება. ამ თემაზე განცხადების გაკეთებას აპირებს პარლამენტის თავმჯდომარე“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტის, 12:00 საათზე დაინიშნა. განკარგულების მიხედვით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხი ეროვნული ვალუტის, ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები