თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები უკრაინის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, გელა ფოჩხუამ და შოთა სამხარაძემ მონაწილეობა მიიღეს სემინარში – „უკრაინა – კრიზისიდან გამოსვლა დიალოგის გზით“. თავდაცვის უწყების თანამშრომლებმა უკრაინის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს პრეზენტაცია – „ქართული არმიის მოდერნიზაციის პროცესი და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები – მიღწევები და გამოწვევები“ წარუდგინეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, მომხსენებლებმა განსაკუთრებული ადგილი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს დაუთმეს. მათ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დეტალურად განიხილეს და პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებს ტრანსფორმაციის პროცესში შეძენილი გამოცდილება გაუზიარეს. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა უკრაინელ სტუმრებს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები, უწყების პრიორიტეტები, სამოქალაქო და სამხედრო ოფისებს შორის თანამშრომლობის, ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების, გამჭვირვალობისა და ნატოსთან ინტეგრაციის საკითხები გააცნეს. მოხსენების დასასრულს, გელა ფოჩხუამ და შოთა სამხარაძემ აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხეს.
სემინარის ფარგლებში, უკრაინის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეხვდებიან – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დავით ბაქრაძეს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომაგენელს ზურაბ აბაშიძეს და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს.
ოთხდღიანი სემინარის ორგანიზატორია „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“ და „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტი“. პროექტი დაფინანსებულია უკრაინაში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები