ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს (ვიდეო)
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლისის ტერიტორიულ ორგანოში, კურბანალ კარაევმა სოფელ ნაფეტვრების ტერიტორიაზე განთავსებული სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ მოწყობილ ნაგავსაყრელზე, სამშენებლო ნარჩენების გადაყრის უფლებისა და შემდგომში მფარველობისა და საჯარიმო სანქციისგან არიდების სანაცვლოდ, ერთ-ერთი საწარმოს დირექტორს ქრთამის სახით მოსთხოვა 4 000 ლარი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დააკავა ქრთამის აღების ფაქტზე. დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით – ექვსიდან ცხრა წლამდე.