დავით კირკიტაძეს დღეს დაჰკითხავენ
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე დაკითხვაზე დღეისთვის დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას დავით კირკიტაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ოთხდღიანი ყოყმანის შემდეგ ფინანსურმა პოლიციამ გადაწყვიტა, დღეს, 15:00 საათზე, ჩემი დაკითხვაზე დაბარება მაშინ, როდესაც ამერიკაში ყოფნის დროს დღეში რამდენიმე უწყება მიჰქონდათ ჩემს საცხოვრებელ მისამართზე. როგორც არ უნდა დასრულდეს დაკითხვის პროცესი, გავაგრძელებ ბრძოლას საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. 21 მარტს, ერთად დავიწყოთ უუნარო ხელისუფლების დასრულების დასაწყისი”, – წერს კირკიტაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. კირკიტაძის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ბრალის წარდგენა დაუსწრებლად მოხდა, რადგან დავით კირკიტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი აშშ- დან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.