პოლიციელი, რომელიც სიმთვრალის გამო ორ ავტომანქანას შეეჯახა, სამსახურიდან გათავისუფლებულია

ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვისა და პოლიციელისთვის შეუფერებელი ქმედებისთვის შსს-ს თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვისა და პოლიციელისთვის შეუფერებელი ქმედებისთვის პოლიციის ლეიტენანტი ვანო შოშიაშვილი სამსახურიდან დაითხოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება, პოლიციის ლეიტენანტ ვანო შოშიაშვილის მიერ სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილეობის ფაქტზე. დადგინდა, რომ 2015 წლის 9 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, ვანო შოშიაშვილი მისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა ქ.თბილისში, ვაზისუბანში, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ორ ავტომანქანას. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება არავის მიუღია, დაზიანდა მხოლოდ ავტომანქანები. ამასთანავე, ვანო შოშიაშვილი აგრესიულად იქცეოდა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის მოსამსახურეებმა ვანო შოშიაშვილი ალკოტესტით შეამოწმეს სიმთვრალე-სიფხიზლეზე, რის შედეგადაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მას დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი – მართვის უფლების 3 წლით შეჩერება. ამდენად, პოლიციის ლეიტენანტმა ვანო შოშიაშვილმა ჩაიდინა შსს-ს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს შს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა შს მინისტრის 2013 წლის 17 იანვრის №26 ბრძანების მოთხოვნათა დარღვევაში. ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვისათვის, ვანო შოშიაშვილს უკვე ჰქონდა მიღებული სასტიკი საყვედური”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები