შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს
საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ოქროს ნაკეთობების დეკლარირების გარეშე შემოტანის ფაქტები გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მათმა თანამშრომლებმა 3097,31 ლარის ღირებულების 46,1 გრ. ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს რუსეთის მოქალაქე პ.რ.-ის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას, ხოლო 8 მარტს სომხეთის მოქალაქე ჩ.ა.-ის ბარგში – 2 ცალი ბეჭედი, 2 ცალი ჯაჭვი, 1 ცალი გულსაკიდი და 1 წყვილი საყურე. საქონლის საერთო წონამ შეადგინა 114,09 გრამი, ღირებულებამ კი 5230,87 ლარი. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ორივე მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 3097,31 ლარისა და 5230,87 ლარის ოდენობით.