„საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთი იზოლაციაში არ უნდა მოაქციოს
იმედი მაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობა მარტო აღშფოთება – შეშფოთებით არ შემოიფარგლება, მაგრამ იმის მომხრეც არა ვარ, რომ რუსეთს დღეს გამოუცხადონ იზოლაცია და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტონ,- ამის შესახებ „კვირას“ ექსპერტმა კახი კახიშვილმა განუცხადა. კახიშვილის თქმით, თუკი ყირიმის მოვლენების გამო ცივილიზებული სამყაროსგან რუსეთის იზოლაცია მოხდება, საქართველოს ჩრდილო მეზობელი უფრო მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს. კახიშვილი ფიქრობს, რომ დუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა გაბედოს და უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს, რადგან, მისივე თქმით, ეს თავად რუსეთისთვის დამღუპველი აღმოჩნდება. რუსეთის მიმართ ჩინეთის მხარდაჭერის მიუხედავად, კახიშვილს გადაჭარბებულად მიაჩნია მესამე მსოფლიო ომის საფრთხეებზე საუბარი. მისი თქმით, რუსეთი ომს ვერ გაბედავს.
„არა მგონია, მესამე მსოფლიო ომის წინაშე ვიდგეთ. რუსეთს რეალურად ძალიან კარგად ესმის, რომ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, თითქოსდა, შეუძლია ყირიმში ძალების შეყვანა, ამას ვერ გაბედავს. მან იცის, რომ ეს მისთვისაც დამღუპველი იქნება. ამიტომ ეს უბრალოდ კუნთების დემონსტრირებას დაემსგავსა. დუმამ მისცა მას ჯარების გამოყენებისთვის თანხმობა, მაგრამ გარწმუნებთ, ამ ჯარებს ვერ გამოიყენებს. შეიძლება ჩუმჩუმი პრობლემები შექმნას, მოაწყობენ პროვოკაციებს, მაგრამ ოფიციალურად ჯარებით რომ შევიდნენ, როგორც ეს ჩვენთან მოხდა, ამას რუსეთი ვერ გაბედავს. იმედი მაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობა მარტო აღშფოთება – შეშფოთებით არ შემოიფარგლება, მაგრამ იმის მომხრეც არა ვარ, რომ რუსეთს დღეს გამოუცხადონ იზოლაცია, შეწყვიტონ მასთან დიპლომატიური ურთიერთობა. თუ რუსეთს დღეს ცივილიზებული სამყაროსგან ასეთი ტიპის იზოლაცია დაემუქრა, ის უფრო საშიში გახდება, ის ფაქტობრივად ხელს ჩაიქნევს ყველაფერზე და უფრო მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს“,- განაცხადა კახა კახიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
კახიშვილი ყირიმში მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის გამოსავალს საერთაშორისო მისიებში რუსეთის ჩართულობაში ხედავს. მისი თქმით, რუსეთის გაკონტროლება მხოლოდ ამ გზით გახდება შესაძლებელი. ექსპერტი აქვე აქცენტს დემოკრატიულ არჩევნებზე აკეთებს. ექსპერტის განცხადებით, საერთაშორისო მისიებმა უმოკლეს ვადაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყონ, რუსეთის მისიებში ჩართვა კი ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს.
„მილიონი საერთაშორისო მექანიზმი არსებობს, სადაც შეუძლიათ, რუსეთი ჩართონ და ამ რუსეთის ჩართულობით განახორციელონ მონიტორინგი ყირიმში, კიევსა და სხვა დიდ ქალაქში, რომ რამენაირად ქვეყანაში სიტუაცია დალაგდეს და მეტიც, საერთაშორისო მისიებმა უმოკლეს ვადაში უნდა უზრუნველყონ სამართლიანი არჩევნების ჩატარება, მანამდე – კოალიციური მთავრობის შექმნა, სადაც უკრაინის მოქალაქეები იქნებიან განურჩევლად იმისა, თუ სად ცხოვრობენ ისინი, კიევში, სიმფეროპოლში, დონეცკში თუ სხვაგან. ამ წარმომადგენლობით უნდა შეიქმნას კოალიციური მთავრობა, რომ ჩატარდეს დემოკრატიული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ მათ არჩეული ხელისუფლება ჰყავთ. დროის გაყვანა სახიფათოა, რადგან 30 მარტს ყირიმში რეფერენდუმია დანიშნული. თუ დღევანდელი ვითარება ასე გაგრძელდა, სავსებით ადვილია პროგნოზირება, რით დასრულდება რეფერენდუმი, სანამ რაღაც ტიპის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჯობია, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, ამ საერთაშორისო მისიებთან ერთად აღადგინოს კონტროლი და ურთიერთობა იმ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, რომლებიც დღეს კიევის ცენტრალურ ხელისუფლებას არ ცნობენ. რუსეთი ცაიტნოტშია. ერთი მხრივ, მან მოხდინა ძალების დემონსტრირება, მეორე მხრივ, ესმის, რომ იქ ჯარებს ვერ შეიყვანს“,- განაცხადა კახიშვილმა. კახიშვილი საქართველო-რუსეთისა და რუსეთ-ყირიმს შორის პარალელების გავლებას მოერიდა. მისი თქმით, პარალელების გავლება არ არის სწორი, რადგან ყველა პრობლემას საკუთარი წარმოშობის ისტორია აქვს. მისივე განცხადებით, პარალელებით მსჯელობა ვერასდროს მოიტანს ნორმალურ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ პარალელში ვერ მიწვდები იმ ნიუანსებს, რომელიც ექსპერტის განცხადებით, ცალკეულად ყველა პრობლემას ახლავს თან.
ცირა შერგელაშვილი