არჩილ თალაკვაძე: ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების კუთხით 2014 წელს შსს-ს კარგი შედეგები ჰქონდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების კუთხით, გასულ, 2014 წელს უწყებას კარგი შედეგები ჰქონდა. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს შედეგები 2015 წლისათვის კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საზოგადოებას მოუწოდებს, ქალთა ძალადობის ფაქტებზე მოახდინონ რეაგირება და დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას.
“მსოფლიოს მასშტაბით წლის განმავლობაში 70 მილიონამდე ქალი საბაზისო განათლების გარეშე რჩება. 2015 წელია და ქალები იღებენ გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას იგივე საქმიანობისათვის, ვიდრე იღებენ მამაკაცები. ყოველი მესამე ქალი არის ძალადობის მსხვერპლი მისი პარტნიორის თუ ყოფილი პარტნიორის მხრიდან. ჩვენ გვაქვს ძალადობის აღმოფხვრის კუთხით შემუშავებული გეგმა. პოლიციელი ქალები განსაკუთრებით კარგად მომზადებული არიან ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისათვის. გაცილებით კარგი შედეგები გვქონდა 2014 წელს ამ მიმართულებით. თითქმის გავაოთხმაგეთ ორდერების გამოცემა, გავასამმაგეთ დევნის მაჩვენებელი მოძალადეთა მიმართ. წელს გვაქვს ამ მიმართულებით უფრო მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმები და შედეგები უკეთესი იქნება”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამ წუთებში სასტუმრო “რედისონში” მრავალპარტიული კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც განხილვის თემა ქალთა მიმართ ძალადობაა. ღონისძიება “ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის” (NMD) მიერ არის ორგანიზებული.