კიბერუსაფრთხოების ბიუროს დელეგაცია ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დელეგაცია ავსტრიაში იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ავსტრიულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა.
ქალაქ ვენაში სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა, ბიუროს დირექტორის ანდრია გოცირიძის ხელმძღვანელობით, ავსტრიის რესპუბლიკის თავდაცვისა და სპორტის ფედერალურ სამინისტროში შეხვედრები გამართეს. ქართული დელეგაციის წევრები კიბერუსაფრთხოების საკითხებში ავსტრიის შეიარაღებული ძალების კოორდინატორმა, ბრიგადის გენერალმა, ჰელმუტ ჰაბერმაიერმა და თავდაცვისა და სპორტის ფედერალური სამინისტროს კიბერთავდაცვის სამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსეფ შროფლმა მიიღეს.
უწყების ცნობით, შეხვედრებზე მასპინძელმა მხარემ ქართული დელეგაციის წევრებს კიბერთავდაცვის სამსახურის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და საერთაშორისო ტექნიკური სავარჯიშოების შედეგად მიღებული გამოცდილება გაუზიარა. ავსტრიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების კიბერთავდაცვის სამსახურმა დელეგაციის წევრებს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების მიზნით, სამხედრო ცენტრის მუშაობის პრინციპები და სპეციფიკაც გააცნო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელებმა კი კოლეგებს ბიუროს ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ავსტრიულმა მხარემ მათ მხარდაჭერა აღუთქვა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ქართველ სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებიც ავსტრიის რესპუბლიკაში ინფორმაციულ და კომუნიკაციების ტექნოლოგიას ეუფლებიან. სტუდენტებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში, თავდაცვის სფეროში კიბერთავდაცვის განვითარების კუთხით, მათი ინტელექტუალური რესურსის გამოყენების შესაძლებლობებს.
კიბერუსაფრთხოების ბიუროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარება კიბერუსაფრთხოების სფეროში განვითარებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები