თავდაცვის ატაშეებს ახალი სარდლები წარუდგინეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ახლადდანიშნული სარდლებისა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო ატაშეებსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის სამხედრო წარმომადგენელს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, პოლკოვნიკი მამუკა ცხვედიანი და J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი წარუდგინა.
სარდლობებისა და J-5/9 დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელებმა სამხედრო ატაშეებს თავისი ქვედანაყოფების სამომავლო გეგმები გააცნეს და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხებზე ისაუბრეს. სამხედრო დიპლომატებმა ახალ ხელმძღვანელებს წარმატებები უსურვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები როტაციის წესით განხორციელდა. აღნიშნულ პოზიციებზე კადრები სპეციალური შერჩევის საბჭოს მიერ შეირჩა. ორივე სარდალსა და J-5/9 დეპარტამენტის უფროსს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
პოლკოვნიკი ლევან ბერია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან მსახურობს. 2012 წლის დეკემბრიდან ის ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მეთაური იყო. მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეით ბრიგადაში სხვადასხვა თანამდებობაზე, გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტსა და სახმელეთო ჯარების დასავლეთ ოპერატიულ დაჯგუფებაში.
პოლკოვნიკი მამუკა ცხვედიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1995 წლიდან მსახურობს. ის J-4/8 ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად მუშაობდა. 2007-2009 წლებში კი J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.
პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1993 წლიდან ირიცხება. 2013-2014 წლებში ის ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართული კონტინგენტის უფროსი სამხედრო წარმომადგენელი იყო. პოლკოვნიკი შიუკაშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯსაც მეთაურობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები