ლადო კეპულაძემ თანამდებობა დატოვა

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ლადო კეპულაძემ თანამდებობა დატოვა.
როგორც „კვირას“ კეპულაძემ განუცხადა, მან რამდენიმე დღის წინ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და ამჟამად უმუშევარია. თუმცა, კეპულაძემ თანამდებობიდან წამოსვლის ზუსტი მიზეზი „კვირას“ არ გაუმხილა.
„დაახლოებით 2 კვირის წინ განცხადება დავწერე და თანამდებობიდან წამოვედი. ჩემს მოვალეობას ჩემი მოადგილე ნინო ხუციშვილი ასრულებს. წამოვედი სამსახურიდან, ალბათ ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი აღმოვჩნდი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენი დეპარტამენტის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ვარჩიე, რომ განცხადება დამეწერა და წამოვსულიყავი“, – აღნიშნა ლადო კეპულაძემ „კვირასთან“ საუბრისას.
„კვირა“ საკითხის გასარკვევად ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსს გია თვალავაძესაც დაუკავშირდა. თვალავაძემ ლადო კეპულაძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია უარყო.
„ლადო კეპულაძე უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ დაიღალა. ძალიან ძნელია კონტროლის დეპარტამენტში მუშაობა. მან თავდაპირველად სამსახურიდან წასვლის შესახებ 2014 წლის ბოლოს განაცხადა, მაგრამ ვიფიქრე, ხუმრობდა, ახლა კი განცხადება დაწერა და წავიდა“, – აღნიშნა გია თვალავაძემ. თუმცა, გია თვალავაძემ „კვირასთან“ საუბრისას არ გაამხილა, თუ რატომ დატოვა ლადო კეპულაძემ თანამდებობა, რომელიც 2011 წლიდან დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ ლადო კეპულაძე ჯანდაცვის სისტემაში 1997 წლიდან მუშაობს, ხოლო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებდა.
„კვირა“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელს ნინო მამალაძესაც დაუკავშირდა. მან ინფორმაციის გადასამოწმებლად „კვირა“ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს პრესსამსახურის უფროსთან ლიკა უგულავასთან გადაამისამართა. ლიკა უგულავამ, რომელიც დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსია, ლადო კეპულაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია „კვირასგან“ შეიტყო.
„ავად ვარ, არ ვიცი ეგ ამბავი. ერთი კვირაა ავად ვარ“, – აღნიშნა ლიკა უგულავამ.
მოგვიანებით, „კვირამ“ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოდან ოფიციალური ინფორმაცია მიიღო:
„გაცნობებთ რომ, ვლადიმერ კეპულაძემ კონტროლის უფროსის თანამდებობა დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე. ამჟამად ასრულებს სააგენტოს უფროსის მრჩევლის მოვალეობას“.
აღსანიშნავია, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლადო კეპულაძის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად მისივე თანამშრომლის გიორგი ბეჟანიშვილის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავება გახდა. მისივე თქმით, სწორედ ამ ფაქტის გამო მის მიმართ გარკვეული ზეწოლა განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის სამედიცინო (სოციალური) ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი გიორგი ბეჟანიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე, შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“-ს ადმინისტრაციული დირექტორი ნინო ასათიანი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ხოლო მოქალაქე ვალერი ნადარაია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ვალერი ნადარაია, გიორგი ბეჟანიშვილთან წინასწარი შეთანხმებით, 2500 ლარის გადახდის სანაცვლოდ, მოქალაქეს ყალბი ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე ინვალიდობის პენსიის დანიშვნაში დახმარებას დაჰპირდა.
თავის მხრივ, გიორგი ბეჟანიშვილმა აღნიშნული ცნობის გაცემაში დახმარება სთხოვა ნინო ასათიანს. ასათიანმა შეადგინა და გასცა ჯანმრთელობის მდგომარეობის ყალბი ცნობა, რომლის თანახმად, მოქალაქეს დაუდგინდა შრომითი საქმიანობის უნარის მეორე ხარისხის შეზღუდვა ისე, რომ აღნიშნულ პირს შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრში“ არანაირი სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია. სამართალდამცველებმა ქრთამის სახით გადაცემული თანხის ნაწილი – 1500 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქრთამის აღების და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ან გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები