ჯონ მაკეინი ობამას მოთხოვნებს უყენებს

     MAP-ი თბილისს, სანქციები მოსკოვს და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ევროპაში – ჯონ მაკკეინი ობამას მოთხოვნებს უყენებს. სენატორი შტატების პრეზიდენტს მიმართავს.
მაკკეინის ინტერვიუ ამერიკულმა გამოცემა “დეილი ბესთმა” დაბეჭდა. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ კვირას პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, თუ რუსეთი უკრაინაში ჯარებს შეიყვანდა, ეს ძვირად დაუჯდებოდა, მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, რა ფასის გაღება მოუწევდა რუსეთს.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სენატორ მაკკეინს სურს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ გაზარდოს მუქარები და არ დასჯერდეს მხოლოდ ივნისში სოჭში დაგეგმილ “დიდი რვიანის” სამიტზე მონაწილეობაზე უარის თქმას.
ამერიკელი სენატორი ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ შეზღუდულმა ნაბიჯმა პუტინი დაარწმუნოს, უარი თქვას ყირიმის კონტროლზე, სადაც რუსეთს 15 ათასი სამხედრო ჰყავს და სადაც რუსეთის კონტროლირებადი შეიარაღებული ძალები ორ მთავარ აეროპორტს აკონტროლებენ.
ამასთან, ამერიკელი სენატორი აცხადებს, რომ ობამას ადმინისტრაციამ უნდა იმუშაოს ნატო-სთან, რათა დააჩქაროს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესი.
“საქართველო ისწრაფოდა MAP-ის მოპოვებისთვის, მაგრამ მისი ეს ძალისხმევა რუსეთის მიერ საქართველოს ორი ტერიტორიის დაპყრობამ შეაფერხა. უკრაინას კი, რომელმაც წლების წინ ნებაყოფლობით თქვა უარი ნატო-ზე, შესაძლოა, ახლა უფრო მეტი სტიმული ჰქონდეს ალიანსში გასაწევრიანებლად”, – განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები